საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზეთ ”კრასნაია ზვეზდას” ვებ-გვერდიდან სტატიის ”ცხოვრება გრძელდება” ამოღებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ”სტატია ვებ-გვერდიდან იმ მიზნით ამოიღეს, რომ მასში გამოქვეყნებული რუსეთის არმიის კაპიტნის აღიარება, რომელიც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარების 7 აგვისტოს შეყვანის ფაქტს ეხებოდა, რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგებოდა”.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ სტატიაში გამოქვეყნებული იყო ინტერვიუ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის ერთ-ერთ ”გმირთან”, რუსეთის 58-ე არმიის 158-ე პოლკის ასეულის მეთაურთან, კაპიტან დენის სიდრისტთან, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს, ანუ ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე იქნა შეყვანილ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის არმიის კაპიტნის ეს აღიარება რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება, რომლის თანახმად, “საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შემოსვლა 8 აგვისტოს, ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალზე განხორციელებული იერიშისა და დაბომბვის შემდეგ დაიწყო”.
”საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები სეპარატისტების მიერ ქართული სოფლების მასირებული დაბომბვით დაიწყო და საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ნაწილების შემოჭრის შემდეგ გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც საინფორმაციო საშუალებებმა აღნიშნულ სტატიაზე ყურადღება გაამახვილეს, კრემლის პროპაგანდისტულმა მანქანამ გამოსავლის ძიება სასწრაფოდ დაიწყო. მოსკოველმა ცენზორებმა თავდაპირველად სცადეს, სტატია ”შეესწორებინათ”: რუსი კაპიტნის ინტერვიუში 7 აგვისტოს ჯარების შეყვანის ბრძანებას ჩაუმატეს ”7 აგვისტოს ღამით”, ხოლო 8 აგვისტის საბრძოლო მოქმედებების დაწყებას ჩაუმატეს ”8 აგვისტოს დილით”. თუმცა მალევე მიხვდნენ, რომ ასეთი ”შელამაზება” მათ ოფიციალურ ვერსიას ვერ გადაარჩენდა და მოძებნეს მარტივი გამოსავალი: 12 სექტემბერს სტატია საერთოდ ამოიღეს ვებ-გვერდიდან”, - აცხადებს სამინისტრო.
ამასთან, მისივე განცხადებით, ”კრემლის პროპაგანდისტული მანქანა ხელმძღვანელობდა პრინციპით: ”არ არის სტატია - არ არის პრობლემა”, მაგრამ, კარგად უნდა იცოდეს, რომ 21-ე საუკუნეში საბჭოური პროპაგანდისტული ხრიკების გამოყენება საერთაშორისო საზოგადოებრიობას შეცდომაში ვერ შეიყვანს”.
|