ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა მხარდაჭერას უცხადებს ნატო-ს ელჩების მოწოდებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის დაწყების თაობაზე.
”რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის წარმართვა, აუცილებელია, ნებისმიერი საკითხი, რომელიც დაკავშირებული იქნება ქვეყნის სტაბილურ განვითარებასთან და სახელმწიფოებრივ ინტერესთან, წყდებოდეს სწორედ კონსენსუსის გზით პოლიტიკურ მაგიდასთან და არა მის გარეთ, - ამის ვალდებულება აკისრია როგორც ოპოზიციას, ასევე ხელისუფლებასაც” - განაცხადა ქარდავამ დღეს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” ოპოზიციასა და ნატო-ს ელჩებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ქარდავას თქმით, მან შეხვედრაზე ქვეყანაში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
“დემოკრატიის განვითარებისათვის თავისუფალი მედია, თავისუფალი საარჩევნო სისტემა და სასამართლო სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი” – განმარტა მან.
|