რთველთან დაკავშირებით უკმაყოფილი კახელი გლეხების პირველი ხმაურიანი პროტესტი დღეს გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ღვინის ქარხანაში გამოითქვა.
ყურძნით დატვირთული სატვირთო ავტომანქანებით კილომეტრიან რიგში მდგარ გლეხებს ქარხნის ხელმძღვანელობამ გამოუცხადა, რომ მათგან ყურძენს ვეღარ მიიღებს და ამის მიზეზად კი დასახელდა, რომ საწარმოს მისი გადამუშავება ფიზიკურად აღარ შეუძლია და არც თავისუფალი ჭურჭელი არ აქვს.
სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა კახელების ხმაურიანი პროტესტი, რადგან ძარაზე დაყრილ ყურძენს წვენი გასდის და მალე ფუჭდება.
გლეხების პროტესტის განსამუხტავად ველისციხის ქარხანასთან სამართალდამცველები ოპერატიულად იქნა მობილიზებული.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარეობს ალტერნატიულ ღვინის ქარხნებთან მოლაპარკება და დაკრეფილი ყურძენი დღეს გვიან ღამემდე დაბინავდება.
|