საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, მათ შორის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გაუქმდება, რაც პარლამენტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სპეციალურ კანონს მიიღებს. შესაბამისად, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი საქართველოს რიგ ტერიტორიებზე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას გააგრძელებს.
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს პავლე კუბლაშვილს კანონპროეტის მომზადების დაჩქარება სთხოვა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ მიღებულ აქტს ჩაანაცვლებს.
პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა 3 სექტემბერს გააუქმა და იმავე დღეს საგანგებო მდგომარეობა შემოიღო იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის ოკუპაციური ჯარია დისლოცირებული. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია აფხაზეთსა და ე.წ. სამხეთ ოსეთშიც.
|