Главная » 2008»სექტემბერი»17 » ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში იქნება ინიცირებული
20:51
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტი მონახაზის სახით მზად არის და მისი ინიცირება პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს უდგას სათავეში. კუბლაშვილის განმარტებით, აღნიშნული კანონით მკვეთრად განისაზღვრება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ე,წ, სამხრეთ ოსეთის სამართლებრივი სტატუსი და დაწესდება განსაკუთრებული შეზღუდვები ამ ტერიტორიებზე. ”რუსეთის ძალიან ბევრი ჩინოვნიკი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოგზაურობს. ამ კანონით ყველა იმ ავიაკომპანიის წინააღმდეგ, რომელიც ამ ჩინოვნიკების მოგზაურობებს უზრუნველყოფს, ყველა შესაბამისი სამართლებრივი ნორმა იქნება გამოყენებული” - განმარტა კუბლაშვილმა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონპროექტის მომზადების დაჩქარება კუბლაშვილს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სთხოვა. თავად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ამ ტერიტორიებზე გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ აქტს ჩაანაცვლებს.