აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიამ სპეციალური განცხადება მიიღო. განცხადებაში დეტალურად არის ასახული, თუ როგორ ემზადებოდა რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განსახორცილებლად და როგორ დაირღვა მისი ცალმხრივი ქმედებებით საერთაშორისო სამართლის ნორმები, ასევე მთელი რიგი დოკუმენტები, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ეხება.
განცხადებაში, რომელიც დსთ-ის ქვეყნების პარლამენტებსა და საეთაშორისო ორგანიზაციებში გაიგზავნება, ნათქვამია: ~მიმდინარე წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს მასობრივად დაიბომბა ათეულობით ქალაქი და სხვა დასახლებული პუნქტი, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტი, ტყის ნაკრძალი. ამას შედეგად მოჰყვა ასობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვა, ათასობით ადამიანის დასახიჩრება, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების განადგურება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის მორიგი ეთნიკური წმენდა. ქვეყანა რეალურად დადგა ჰუმანიტარული და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე”.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია საჭიროდ მიიჩნევს, განაცხადოს შემდეგი: “რუსეთის ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია, მიზანმიმართულად ემზადებოდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის განსახორცილებლად. სარგებლობდა რა მშვიდობისმყოფელების მანდატით, კონფლიქტების მოგვარებისთვის ხელშეწყობის ნაცვლად, ის ხელოვნურად აჭიანურებდა სამშვიდობო პროცესებს და მიზანმიმართულად ატარებდა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიების მცოცავი ანექსიის პოლიტიკას. ამას ადასტურებს მისი ქმედებები, რომლებიც საფუძველშივე წინააღმდეგობაში მოდიოდა რუსეთის, როგორც კონფლიქტების მხარეებს შორის შუამავლის ფუნქციებთან, ესენია: საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გამკაცრების ფონზე საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად და მისი ნების საწინააღმდეგოდ უვიზო რეჟიმის დაწესება საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე; სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მასობრივი მინიჭება; აფხაზეთში არსებული უძრავი ქონების უკანონო პრივატიზაცია; რუსეთის ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღება დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისადმი დაწესებული ეკონომიკური სანქციების რეჟიმიდან ცალმხრივი გამოსვლისა და აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სეპარატისტულ ანკლავებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარების თაობაზე; საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს შორის 2003 წლის 6-7 მარტს მიღწეული შეთანხმების დარღვევით აფხაზეთში სარკინიგზო ინფრასტუტურის აღსადგენად რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ჯარების შემოყვანა; საქართველოს ხელისუფლებასთან - 2007 წლის 16 ივლისს პრეზიდენტ ვ. პუტინის მიერ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შეთანხმებიდან რუსეთის მონაწილეობის შეჩერების თაობაზე ბრძანებულების ხელმოწერა; კონფლიქტის რეგიონებში დივერსიული აქტების პროვოცირება; საქართველოს წინააღმდეგ არნახული ინფორმაციული ომის გაშლა, რამაც განსაკუთრებით მიზანმიმართული ხასიათი მიიღო მიმდინარე წელს”.
კომისიას უსაფუძვლოდ და აბსოლუტურად გაუმართლებლად მიაჩნია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის შენიღბვა ე.წ. ”ჰუმანიტარული დახმარების” და “მშვიდობისათვის იძულების ოპერაციის” საფარქვეშ, ვინაიდან ის ჩატარდა საერთაშორისო სამშვიდობო პროცესის გვერდის ავლით და მისი ჩატარებისთვის რუსეთს არც გაეროს Uუშიშროების საბჭოსგან, არც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან და არც დსთ-ის წევრი სახელმწიფოებისგან სანქცია არ მიუღია.
“უფრო მეტიც, კრემლის მიერ სამხედრო ოპერაცია სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ ჩატარდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის – ფედერალური საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გარეშე, რითაც დაირღვა თვით რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაც” – აღნიშნულია დოკუმენტში.
კომისია საერთაშორისო თანამეგობრობის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ომისათვის გათვალისწინებული თითქმის ყველა სამართლებრივი პრინციპი, მათ შორის სამართლიანი საქმის, ლეგიტიმური ხელისუფლების, კეთილი ნების, თანაფარდობის, უკიდურესი ზომისა და გარჩევითობის პრინციპები.
კომისია ხაზგასმით აცხადებს, რომ თავისი ცალმხრივი ქმედებებით რუსეთის ფედერაციამ ასევე უხეშად დაარღვია დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი დოკუმენტები, მათ შორის - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მონაწილე სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვის შესახებ მოსკოვის 1994 წლის 15 აპრილის დეკლარაცია და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის შესახებ ალმაათის 1995 წლის 10 თებერვლის მემორანდუმის ფუნდამენტური მოთხოვნები, რომლებშიც დაფიქსირებულია, რომ “დსთ-ის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ თავიანთ ურთიერთობებში სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის პრინციპებს, მხარს არ დაუჭერენ და არ გამოიყენებენ სეპარატიზმს თანამეგობრობის მონაწილე რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის, აგრეთვე პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მზად არიან, ხელი შეუწყონ დავისა და კონფლიქტების მოწესრიგებას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შეთანხმებული მექანიზმების გამოყენების მეშვეობით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ მიზნებისათვის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ფარგლებში მიღებული შესაბამისი დოკუმენტებით.
კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “ე.წ. რუსი სამშვიდობოების წაყრუებით და მათი უშუალო მონაწილეობით “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ~ მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმების უხეში დარღვევით აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ თავის კონტროლს დაუქვემდებარა ზემო აფხაზეთი (ეს უკვე სეპარატისტთა მხრიდან რუსეთის გარანტიის ქვეშ ხელმოწერილი მესამე დარღვეული სამშვიდობო შეთანხმებაა)”.
კომისია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მედვედევ-სარკოზის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების მეექვსე პუნქტის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რომელიც ითვალისწინებდა საერთაშორისო დისკუსიების დაწყებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ, დოკუმენტზე ხელმოწერიდან სულ ორიოდე კვირის გასვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
კომისიას უცილობლად მიაჩნია, რომ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიით და ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთმა ფეხქვეშ გათელა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1994-2008 წლებში ხელმოწერილი ათეულობით რეზოლუცია (მათ შორის - 2008 წლის 15 აპრილის), რომლებშიც ცალსახადაა მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რითაც ის ღიადAდაუპირისპირდა საერთაშორისო თანამეგობრობას.
კომისიის აზრით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მის მიერვე ოკუპირებული აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დამოუკიდებლობის აღიარებით ფაქტობრივად გამოაშკარავდა აღნიშნული ტერიტორიების მიტაცებისა და ანექსიისკენ კრემლის მრავალწლიანი შენიღბული მისწრაფება”.
ამასთან, მისივე შეფასებით, “სრულიად არადამაჯერებელი და ყოველგვარ არგუმენტებს მოკლებულია რუსეთის პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს განცხადება იმის თაობაზე, თითქოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მისი ბრძანებულებები ეფუძნება გაეროს წესდებას, 1970 წლის დეკლარაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესახებ, ეუთოს 1975 წლის ჰელსინკის დასკვნით აქტსა და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებს, ვინაიდან პირიქით, აღნიშნული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება ეწინააღმდეგება ყველა მნიშვნელოვან და ფუძემდებლურ საერთაშორისო დოკუმენტში, უპირველესად კი სწორედ ზემოდასახელებულ დოკუმენტებში განმტკიცებულ საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს, როგორიცაა სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ძალის გამოყენებაზე ან ძალით დამუქრებაზე უარის თქმის, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის, საზღვრების ურღვევობის, სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, ხალხთა თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპები”.
კომისია აღნიშნავს, რომ ეუთოს შეხვედრების მონაწილე სახელმწიფოებმა არაერთხელ დააფიქსირეს აფხაზეთში მომხდარი ეთნიკური წმენდის, მოსახლეობის, უპირატესად ქართველთა საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი განდევნის და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვის ფაქტები (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის ბუდაპეშტის შეხვედრის რეზოლუცია, 1994 წლის 6 დეკემბერი; ეუთოს უმაღლესი დონის ლისაბონის შეხვედრის დეკლარაცია, 1996 წლის 2-3 დეკემბერი; ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლესი დონის სტამბულის შეხვედრის დეკლარაცია, 1999 წლის 19 ნოემბერი). ეუთოს აღნიშნულ დოკუმენტებს დაეყრდნო გაეროს გენერალური ასამბლეა 2008 წლის 15 მაისის რეზოლუციის მიღებისას. რეზოლუციაში გამოთქმულია ღრმა შეშფოთება აფხაზეთში კონფლიქტის შედეგად მომხდარი დემოგრაფიული ცვლილებებისა და კონფლიქტამდე არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის ნებისმიერი მცდელობის გამო. რეზოლუციაში აღიარებულია ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის, აგრეთვე მათი შთამომავლების აფხაზეთში დაბრუნების უფლება, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა; ხაზგასმულია ამ პირების ქონებრივი უფლებების დაცვის მნიშვნელობა. უფრო ადრე ანალოგიური პოზიცია დააფიქსირა გაეროს უშიშროების საბჭომ 2007 წლის 15 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში.
კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებებით რუსეთის ფედერაციამ საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ფუძემდებლური პრინციპების უხეში დარღვევით აშკარად ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამჯერად უკვე შეიარაღებული აგრესიის გამოყენებით შეეცადა, ჩაეხშო მისი მისწრაფება ევროპული და ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ.
კომისია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკაცრ კონტროლს დააწესებს ევროკავშირის შუამავლობით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული მოცულობით შესრულებაზე, განსაკუთრებით საქართველოს მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლაზე, უზრუნველყოფს კონფლიქტის ზონებში ჭეშმარიტად მიუკერძოებელი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განთავსებას, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას თავიან საცხოვრებელ ადგილებში.
კომისია ასევე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მისი შესაბამისი ინსტიტუტები სათანადო კვალიფიკაციას მისცემენ რუსეთის ფედერაციის მიერ მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რომლებიც, ქართული მხარის შეფასებით, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება.
კომისია გამოთქვამს რწმენას, რომ სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოსთვის მიყენებული უდიდესი ზარალის მიუხედავად, ქვეყანა შინაგანი რესურსების მაქსიმალური მობილიზებით, საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებითა და მხარდაჭერით მოიშუშებს მძიმე ჭრილობებს და მშვიდობიანი გზით დაიბრუნებს აგრესორის მიერ დროებით მიტაცებულ ტერიტორიებს”.
|