შსს საგანგებო სიტუაციათა სამსახურის გადაიარაღების მიზნით ხარჯთაღრიცხვის შედგენაში პარლამენტიც ჩაერთვება.
აღნიშნული სამსახურის გადაიარაღების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურად რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად გამოწვეული ეკოლოგიური კატასტროფის შემდეგ დადგა.
გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტში დღეს აღნიშნული სამსახურის ტექნიკური მდგომარეობის თაობაზე და ზოგადად პრობლემებზე სასაუბროდ შსს საგაგნგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ჩიკვაიძე მიიწვიეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ბობოხიძემ გამოთქვა სურვილი, აღჭურვისა და გადაიარაღების ხარჯთაღრიცხვის შედგენაში თავადაც ჩაერთოს. ამ მიზნით ის შს მინისტრს ვანო მერაბიშვილსაც შეხვდება.
კომიტეტის სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ შესაძლებელია გრანტების მოზიდვაც ტექნიკის შესაძენად, რისთვისაც „მხოლოდ და მხოლოდ მთავრობის აქტიურობაა საჭირო“.
გარდა ამისა, დღის წესრიგში დადგა მეხანძრეებისთვის სოციალური გარანტიების შექმნის საკითხი.
ამ პროფესიის ადამიანებისთვის გარკვეული სოციალური გარანტიების არსებობის აუცილებლობის შესახებ ზურაბ ჩიკვაიძემ ისაუბრა და განაცხადა, რომ მეხანძრის პროფესია საქართველოში საკმაოდ პრესტიჟული უნდა გახდეს, როგორც ეს ”ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია.”
ამასთან, დღესვე გაირკვა, რომ იგეგმება დაახლოებით 50-კაციანი სპეციალური სახანძრო ჯგუფის შექმნა, რომელიც გაივლის სპეციალურ გადამზადებას, ექნება კონკრეტული დისლოკაციის ადგილი და საგანგებო მდგომარეობის დროს ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებში ჩაერთვება.
|