აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერების სერგეი ბაღაფშისა და ედუარდ კოკოითის მიმართ დღეიდან სისხლის სამართლებრივი სანქციები ამოქმედდება.
ამის შესახებ ანტიკრიზისული საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პარტიის «ჩვენ თვითონ» ლიდერმა, დეპუტატმა პაატა დავითაიამ განუცხადა.
«მე არაერთხელ გამიმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ კოკოითი და ბაღაფში ჩვეულებრივი კრიმინალები, რიგითი დამნაშავეები არიან და რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის შესაბამისი სანქციები უნდა ამოქმედდეს. ეს საკითხი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დავაყენე და მივიღე პირობა იმისა, რომ დღეიდან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყება», - განაცხადა დავითაიამ.
მისივე თქმით, ამ სანქციების დაწესების შემდეგ სეპარატისტთა ლიდერები ვერც რუსეთის და ვერც საქართველოს ტერიტორიაზე «ფეხს ვეღარ დაადგამენ».
«დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის დაკარგვიდან 15 წლის თავზე ორივე ეს კრიმინალი საერთაშორისო ძებნაში იქნება გამოცხადებული», - დასძინა დავითაიამ.
|