აშშ საქართველოს სამხედრო პოტენციალის აღდგენაში დაეხმარება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და აზიის საკითხებში დევიდ მერკელმა რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
”საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების მთავარი მიზანი მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცებაა. ამასთან, თუ მისი თავდაცვისუნარიანობა არასაკმარისია, ამას მხარდაჭერა სჭირდება”, - განაცხადა მერკელმა.
ამასთან, მერკელი რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო და განაცხადა, რომ ”საქართველოში ომი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებზე უეჭველად აისახება”.
”რუსეთში გაზრდილმა ავტორიტარულმა ტენდენციებმა, მეზობლების დაშინებამ, ამ რეგიონში სამხედრო ქმედებებმა მკვეთრად დაანახა შეერთებულ შტატებს, რომ რუსეთი განსაზღვრულ ზღვარს სცილდება”, - განაცხადა მერკელმა და აქვე იმედი გამოთქვა, რომ ”რუსეთი სხვაგვარად მოიქცევა მეზობლებთან მიმართებაში და მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეულ წევრად დარჩება”.
|