რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ქვეყანა თვითიზოლაციისა და ავტორიტარიზმისკენ არ წავა.
მედვედევის განცხადება რამდენიმე საათში გაჟღერდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანმა რაისმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთის ხელისუფლების წინაშე დათმობებზე არ წავიდნენ, რომელიც ”უფრო და უფრო ავტორიტარული ხდება შინ და უფრო და უფრო აგრესიული საზღვრებს გარეთ”. აშშ-ს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოში თავისი ქმედებებით, რუსეთმა თავად გაიმეტა საკუთარი თავი იზოლაციისათვის.
- ”მუდმივად მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებ, რომ, აი, ბოლოს და ბოლოს, ის (რუსეთის ხელისუფლება) მოახდენს თავისი ნამდვილი სახის დემონსტრირებას, რეჟიმი ჩამოიხსნის ნიღაბს და ბოლოს და ბოლოს, რუსეთში იზეიმებს ის სისტემა, რომელიც უფრო დამახასიათებელია რუსული სახელმწიფოსათვის - ავტორიტარული, ზრდადი დიქტატურაში,” - განაცხადა მედვედევმა კრემლში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.
- ”ჩვენ განვითარების იმგვარი გზისკენ გვიბიძგებენ, რომელიც დაფუძნებულია არა თანამშრომლობაზე სხვა ქვეყნებთან, არამედ ავტონომიურ განვითარებაზე ყრუ კედლებსა და რკინის ფარდის მიღმა. ეს ჩვენი გზა არ არის, ჩვენ არ დავუბრუნდებით წარსულს, ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ,” - ხაზი გაუსვა რუსეთის პრეზიდენტმა.
ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტი თვლის, რომ აუცილებელია საერთაშორისო ურთიერთობებში ახალი წესების დამკვიდრება.
საქართველოს კონფლიქტში ნატოს როლმა დაგვარწმუნა, რომ ეს სამხედრო ბლოკი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ევროპაში. ”რა გააკეთა ნატომ? რა გარანტები მოგვცა? მან მხოლოდ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა. ეს არის და ეს”.
- ”უსაფრთხოების ამჟამინდელი სისტემა უსარგებლოა. ახლა კაცობრიობას მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი აქვს: ან იმოქმედოს წესების გარეშე, უფრო მეტი სამხედრო პოტენციალის პრინციპით, ან შექმნას ახალი, თანამედროვე საფუძველი საერთაშორისო ურთიერთობებისთვის. დიდი ევროპული შეთანხმების მიღწევის აქტუალობა კავკასიაში განვითარებული მოვლენების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება.” - აცხადებს მედვედევი
|