როგორც მევენახეებმა ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” აცნობეს, უკვე მეოთხე დღეა, საფერავი აქვთ დაკრეფილი და ჩაბარებას ვერ ახერხებენ. ყურძენი მანქანის ძარებზე დამჟავდა და წვენისგან დაიცალა.
80-მდე სატვირთო მანქანა ყვარელში, ქინძმარაულის ღვინის ქარხნის შენობასთან დგას. 42 სატვირთო მანქანა გურჯაანში, სოფელ ჭანდრის ღვინის ქარხანასთან, 23 ვაჩნაძეანში და 32 წნორში. ჭანდრის ღვინის ქარხანაში შესულმა ინვესტორმა უნაღდო ანგარიშწორებით ყურძნის მიღება რამდენიმე წუთის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც იქ კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი მივიდა. გლეხებს ფულის გადახდას უახლოეს დღეებში დაპირდნენ.
ტელეკომპანია ”გურჯაანის” პირდაპირ ეთერში სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, დანარჩენი ღვინის ქარხნები ყურძენს ამ დრომდე არ იბარებენ.
სასტუმრო ”რები - გურჯაანში”, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ”რთველი - 2008-ს” კოორდინაციისათვის საგანგებოდ შექმნილ შტაბთან ათობით მევენახეა შეკრებილი. როგორც გლეხებმა ”ადამიანის უფლებათა ცენტრს” განუცხადეს, ისინი უკვე ერთი კვირაა ცდილობენ, შტაბის ხელმძღვანელობისგან მიიღონ ინფორმაცია, sად ჩააბარონ ის ყურძენი, რომელსაც დაკრეფენ. თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გამცემი არავინაა. შტაბის ხელმძღვანელთან კოტე ხუცაიძესთან გასაუბრებას ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” წარმომადგენელიც შეეცადა, თუმცა ხუცაიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე მას 2 დღით ადრე უნდა შევუთანხმდეთ. სინამდვილეში რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი სასტუმროს რესტორანში მეგობრებთან ერთად ქეიფობდა. როგორც შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა გლეხებმა აღნიშნეს, შტაბის ხელმძღვანელობა მუდმივად მოლხენით არის დაკავებული.
პროტესტის ნიშნად მევენახეები ორშაბათს საპროტესტო აქციის გამართვას და მსხმოიარე ვაზის გაჩეხვას გეგმავენ. მათი თქმით, პრობლემის გაშუქების მიზნით, მანამადე არაერთხელ დაუკავშირდენ ტელეკომპანიებს: საზოგადოებრივ მაუწყებელს და ”რუსთავი 2”-ს, თუმცა ჟურნალისტები არ დაინტერსდნენ.
|