Главная » 2008»სექტემბერი»21 » პაკისტანის შს სამინისტრო ისლამაბადში მომხდარ ტერაქტში მოძრაობა "თალიბანს" ადანაშაულებს
პაკისტანის შს სამინისტრო ისლამაბადში მომხდარ ტერაქტში მოძრაობა "თალიბანს" ადანაშაულებს
22:51
პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრო ისლამაბადში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებასა და განხორციელებაში მოძრაობა "თალიბანს" ადანაშაულებს. ტერაქტი, რომელსაც ადგილობრივ პრესაში უკვე "პაკისტანის 11 სექტემბერს" უწოდებენ, 20 სექტემბერს საღამოს მოხდა. ტერორისტი-თვითმკვლელი დანაღმული ავტომანქანით სასტუმრო "მარიოტის" რკინის კარს შეეჯახა, რის შემდეგაც სასტუმროს ფასადი ჩამოიშალა, შენობა კი ცეცხლის ალში გაეხვია. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის რეჰმან მალიკის განცხადებით, აფეთქების შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა, 266 კი დაიჭრა. აფეთქების სიმძლავრე 600 კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. გარდაცვლილთა შორის არიან უცხოელები: ჩეხეთის ელჩი პაკისტანში ივო ზდარეკი. ასევე, ამერიკის, გერმანიისა და ვიეტნამის მოქალაქეები. ამასთან, დანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.