Главная » 2008»სექტემბერი»22 » ოფიციალური თბილისი გაეროს დამკვირვებელთა მისიას ხურჩის ინციდენტის გამოძიებას სთხოვს
ოფიციალური თბილისი გაეროს დამკვირვებელთა მისიას ხურჩის ინციდენტის გამოძიებას სთხოვს
19:58
თბილისი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ ხურჩაში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას მომხდარი ინციდენტის სათანადო გამოძიებისა და დამნაშავეთა გამოვლენის მიზნით ღონისძიებების გატარებას სთხოვს. ”ბოლო პერიოდში რუსეთის შეიარაღებული ძალების ბლოკ-საგუშაგოების მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა ქართველი პოლიციელის სიცოცხლე უკვე მესამედ იმსხვერპლა, რუსეთის ეს ქმედებები კი არსებული ვითარების უფრო მეტად დაძაბვას ისახავს მიზნად”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს არსებულ დაძაბულ ვითარებას და ყველაფერი გააკეთოს მსგავსი პროვოკაციების შეწყვეტისა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ”აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ახლოს განხორციელებული პროვოკაციების გახშირებამ კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა დამატებითი კონტინგენტის ოპერატიული განლაგება, ასევე ამ ტერიტორიებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარების უსწრაფესი გაყვანა აუცილებელია~. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ ხურჩასთან განლაგებული რუსული ბლოკ-პოსტის მიმართულებიდან ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგაც ადგილზე გარდაიცვალა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის ლეიტენანტი რამაზ კიტია. ამასთან, დაჭრილია პოლიციის სამი თანამშრომელი, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.