საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის ”Transparency International” 2008 წლის მოხსენებაში რუსეთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების სიაში მოხვდა.
გამოკვლევა მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავდა. კორუფციის დონე 10 ქულით იყო შეფასებული. 2008 წლის მონაცემებით, რუსეთი რეიტინგში 147 ადგილზე მოხვდა და მისი შეფასება 2,1 ქულას შეადგენს.
ამავე დონეზე არიან ბანგლადეში, კენია და სირია. ”ამასთან, დსთ-ის ქვეყნებიდან მდგომარეობის გაუმჯობესება მხოლოდ საქართველოში შეინიშნება, იმ დროს, როცა რუსეთის და უკრაინის რეიტინგი დაცემას განაგრძობს” – ნათქვამია მოხსენებაში.
რაც შეეხება ყველაზე მაღალრეიტინგულ ქვეყნებს, მათ რიცხვში დანია, შვეცია და ახალი ზელანდია შედიან. ამ ქვეყნებში კორუფცია ყველაზე დაბალ დონეზეა. აშშ ამ სიაში 18-ე ადგილზეა და მისი შეფასება 7,3 ქულას შეადგენს. ასეთივე მაჩვენებელი აქვს ბელგიას და იაპონიას.
|