ფინანსური პოლიციის კახეთის რეგიონალურმა სამმართველომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს კონტროლის განყოფილების უფროსი ნაგზარ ლაბაძე დააკავა.
როგორც ფინანსურ პოლიციაში რადიო “ჰერეთს” განუცხადეს, ლაბაძემ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე და 52-ე მუხლების მოთხოვნათა უგულებელყოფით სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა. მან მოქალაქეს სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 345,76 ლარის გადახდა მოსთხოვა, ხოლო გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრის მიღების შემდეგ ნება დართო, სამართალდამრღვევს კუთვნილი ავტომანქანა წაეყვანა და შესაბამისად, მანქანაში არსებული ტვირთიც წაეღო, თუმცა ტვირთის სათანადო შეფასება არ მოუხდენია.
ნუგზარ ლაბაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა გირაოს სახით 5 000 ლარის გადახდის შემდეგ ის გაათავისუფლეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლაბაძეს თავისუფლების 3 წლამდე აღკვეთა ემუქრება.
|