რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქართულ მხარეს “მორიგ საინფორმაციო პროვოკაციაში” ადანაშაულებს.
“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მფრინავი აპარატები უსაფრთხოების ზონაში არანაირ ფრენას არ ახორციელებენ. ეს ქართული მხარის მორიგი საინფორმაციო პროვოკაციაა, რომელიც რეგიონში შექმნილი მდგომარეობის დესტაბილიზაციის მცდელობას წარმოადგენს” - განუცხადა “ინტერფაქსს” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ.
რუსეთის სამშვიდობო ძალების პრეს-სამსახურის დროებითი უფროსის, პოდპოლკოვნიკ ვიტალი მანუშკოს განცხადებით კი, “უსაფრთხოების ზონაში მფრინავი აპარატების ჩამოვარდნის ან ჩამოგდების ფაქტები დაფიქსირებული არ არის”.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 22 სექტემბერს, გამთენიისას განსაკუთრებულ დავალებათა შიდა ქართლის სამმართველოს ბაქო-სუფსის მაგისტრალური დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა ტერიტორიის დათვალიერების დროს სოფელ ხურვალეთსა და წითელუბანს შორის რუსული მზვერავი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. სამინისტროს ინფორმაციით, მზვერავი აპარატი სავარაუდოდ, მილსადენის ფოტოგადაღებას ახდენდა.
|