ქართულ-რუსული ომის შემდეგ კავკასიაში ახალი პოლიტიკური თამაშები იწყება. რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე სომხეთი მეზობლებთან უკიდურესად გართულებული ურთიერთობების მოგვარების აუცილებლობაზე ფიქრობს. ამ ფონზე კი, აზერბაიჯანის მზერა რუსეთისკენ არის მიმართული. ყარაბაღის პრობლემამ წინა პლანზე გადმოინაცვლა. უკვე არსებობს მოსაზრება, რომ ყარაბაღი, შესაძლოა, გლობალურ პროექტებზე გაიცვალოს. ანუ, აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რუსეთის “ხელშეწყობით” მოაგვაროს, ხოლო სანაცვლოდ, თავად რუსეთის ენერგოინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.
აზერბაიჯანული დილემა
საქართველოში ომის პირველივე დღეებიდან ცხადი იყო, რომ კრემლი კავკასიის რეგიინის ქვეყნებზე საკუთარი გავლენის გაძლიერებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. ამ ფონზე, არავის გაკვირვებია, რომ მოსკოვი აზერბაიჯანზე პოლიტიკურ და დიპლომატიურ ზეწოლას აძლიერებს. ილჰამ ალიევის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ეს კიდევ უფრო ნათელი გახდა.
საგულისხმოა, რომ მედვედევმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ღიად მიანიშნა აზერბაიჯანის რუსეთთან შეთანხმებული მოქმედებების აუცილებლობაზე. ახლა როცა, რუსეთს ევროპასთან ურთიერთობები გაუფუჭდა და დასავლეთი მას ეკონომიკური სანქციებით ემუქრება, მოსკოვი ცდილობს ევროპის მთავარი სუსტი წერტილი გამოიყენოს და დარტყმა სწორედ ამ მიმართულებით მიაყენოს.
ენერგომატარებლები - ეს რუსეთის მთავარი კოზირია. დღეს ევროპა “გაზპრომის” მარწუხებიდან გათავისუფლებას ცდილობს და ალტერნატიულ გაზსადენის პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი “ნაბუქოა”. გაზსადენი რუსეთის გვერდის ავლით აღმოსავლეთ თურქეთიდან ევროპის შუაგულამდე გაიჭიმება. მარშრუტი დადგენილია, მაგრამ გაზის მიმწოდებელი ქვეყნები ჯერჯერობით, გარკვეული არ არის.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ნაბუქოს გაზს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი მიაწვდის, თუმცა, გაურკვეველია, ვისი გაზით დაიტვირთება ეს მილი. ცხადია, რომ მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი საკმარისი არ არის და “ნაბუქოს” გაზსადენისკენ თურქმენული ბუნებრივი აირიც წავა. განცხადებები კეთდება ირანულ გაზზეც, რომელიც შესაძლოა, პირდაპირ თურქეთის გავლის წავიდეს ევროპისკენ.
თუმცა, ამერიკა ირანულ ენერგომატარებლებზე ემბარგოს მოხსნას სასტიკად ეწინააღმდეგება. ამ ფონზე, ერთ-ერთი ძლიერ ნაკადად მაინც ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი განიხილება. სწორედ ამიტომ, რუსეთი ცდილობს, პროექტი დაბლოკოს.
- “საქართველოზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების დაბლოკვა რუსეთს არ შეუძლია, მით უფრო, რომ უკვე აშენებულია გაზსადენი და ნავთობსადენი. ამ პროექტების რეალიზებაში ჩადებულია მილიონები და ახალი პროექტების გაკეთება შორეული და არარეალური პერსპექტივაა”, - ამბობს GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი თორნიკე შარაშენიძე.
საგულისხმოა, რომ მედვედევმა ბაქოში ვიზიტის დროს, რუსეთის მხრიდან მთელი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვის წინადადება წამოაყენა. თუ მთელი ბუნებრივი გაზი რუსეთზე გაიყიდა, მაშინ, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის არსებობა აზრს კარგავს. ამ შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ამ გზით “ნაბოქოს” მომარაგებაც.
ჯერჯერობით უცნობია, აზერბაიჯანი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტია, საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ ბაქო მოსკოვის რუსეთის გაღიზიანებას მოერიდება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ აზერბაიჯანი დროს წელავს და აკვირდება, როგორ პოზიციას დაიკავებს საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთი.
შესაძლოა, ამ საკითხში გადამწყვეტი ყარაბაღის საკითხი აღმოჩნდეს. ალიევის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ აქტიურად ალაპარაკდნენ იმაზე, რომ შესაძლოა, რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის “მომრიგებლის” როლი ითამაშოს. ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყდეს, ხოლო სომხეთმა მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებში მოახერხოს ჩართვა.
დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე : “ილჰამ ალიევის მოსკოვში ვიზიტსაც შიშის თვალით არ უნდა ვუყუროთ. არსებობს ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობისა და თანამშრომლობის სერიოზული ტრადიცია და ვერ ვხედავ იმის ნიშნებს, რომ ეს თანამშრომლობა შეწყდეს. ყველაფერ იმას, რაც ჩაფიქრებულია, ბევრად უფრო დიდი პერსპექტივა აქვს, ვიდრე რუსული იმპერიის ზრახვებს. რუსეთის მცდელობები თავად რუსეთს დააზარალებს და მის იზოლაციას გააღრმავებს, რაც რუსეთს საბოლოოდ დაანგრევს”.
თორნიკე შარაშენიძე: “რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო აზერბაიჯანი ცოტა დაშინდა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ომის დროს ამერიკამ საქართველოს სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინა და რუსეთმა გააკეთა ის, რაც უნდოდა. მისთვის საჭიროა, რომ ამერიკის მხრიდან ჩვენს დასახმარებლად გადადგმული მკვეთრი ნაბიჯები დაინახოს. მით უფრო, რომ თუ საქართველოში ცუდი რამ კიდევ მოხდება, აზერბაიჯანი რუსეთის ამარა რჩება და საქართველოზე გამავალი კორიდორი აღარ იმუშავებს.
რუსეთი შეეცდება, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს ყარაბაღის პრობლემით ეთამაშოს. სანამ ყარაბაღი არსებობს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა გაფუჭებული იქნება და სომხეთს რუსეთის სამხედრო მფარველობა დასჭირდება. ასე რომ, ამ პრობლემის მოგვარება რუსეთს ხელს არ აძლევს”.
დღეს ყველაზე აქტუალური საკითხია, რამდენად გაუძლებს აზერბაიჯანი კრემლის ზეწოლას, რა მიმართულებით იზრუნებს საკუთარი ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების დაცვას.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: “არ გამოვრიცხავ, რომ აზერბაიჯანს რუსეთთან გარკვეულ დათმობებზე მოუწიოს წასვლა, მით უფრო ექსპორტის დივერსიფიცირების თვალსაზრისით. ქვეყანა საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან მას ვერავინ აძლევს გარანტიებს, რომ დაცული იქნება მისი ნაციონალური ინტერესები.
თუმცა, საქართველო და აზერბაიჯანი ერთიანი გეოპოლიტიკური ღერძის ნაწილი არიან და აქედან გამომდინარე ყველა შემთხვევაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა გაგრძელდება”.
სომხეთის ფაქტორი
საგულისხმოა, რომ აგვისტოს მოვლენებმა სომხეთის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა, ვინაიდან რუსეთიდან ამ ქვეყნისკენ მომავალი ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის მაგისტრალი სწორედ საქართველოზე გადის.
შემთხვევითი არ იყო, რომ კონფლიქტის პირველივე დღეებში სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ტერ პეტროსიანმა ღიად განაცხადა: “მოვიდა დრო, ერევანმა ანკარასთან და ბაქოსთან ურთიერთობის მოგვარებაზე იფიქროს, რათა ენერგორესურსების მიწოდების ალტერნატიული გზა გაუჩნდეს და ასევე სხვა ეკონომიკური პროექტებში მონაწილეობისთვის გამოძებნოს ადგილი”.
სწორედ ასეთ დროს, ერევანში თურქეთის პრეზიდენტი ჩავიდა. არ არის გამორიცხული, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ყინულის დნობის პროცესი დაიწყოს და სომხეთი საერთაშორისო პროექტების არეალში მოექცეს.
მას შემდეგ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის შესაძლო აღდგენაზე განცხადებები გაკეთდა, თბილისში გაჩნდა გარკვეული შიში იმისა, რომ ყარსი-ახალაქალაქის რკინიგზის პროექტში ცვლილება არ შევიდეს და სომხეთის მიმართულება არ მიიღოს.
ასეთი მოსაზრების არსებობის მიუხედავად, ქართველი ექსპერტები მაინც ფიქრობენ, რომ ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ყველაფერი უკვე შეთანხმებული მარშრუტით წავა.
თორნიკე შარაშენიძე: “თურქეთს სომხეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ზრუნვა სჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირთან თავი მოიწონოს. მით უფრო, რომ ამ ორგანიზაციაში შესვლისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სომხეთთან რთული ურთიერთობაც არის. ახლა შესაფერისი მომენტია ამ ვითარების გამოსასწორებლად.
ყარსი-ახალქალაქის პროექტით, პირველ რიგში, თურქეთია დაინტერესებული, მაგრამ პროექტში ცვლილებას არ შეიტანს. თურქეთი მაშინ რუსეთს უნდა გაურიგდეს, რომ რკინიგზამ სომხეთის მიმართულება აიღოს, რაც ნაკლებ სავარაუდოა ”.
ირაკლი შენგელაია, “ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი: “ასე მარტივად არ იცვლება პროექტები. რკინიგზის საკითხი უკვე გადაწყვეტილია. შეუძლებელია ახლა ეს ვინმემ შემოაბრუნოს და სხვა მიმართულებით გაუშვას. თურქეთ-სომხეთის ურთიერთობა უმძიმესია. ერევანში ფეხბურთის მატჩზე რომ ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტი, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს.
საკითხების ასე რადიკალური დასმა არ ხდება. ასე რომ, ეს ვარაუდები ძალიან ნაჩქარევად არის გაკეთებული. არ ღირს ამის ასე აჟიტირება”.
გია ხუხაშვილი: “ვიდრე ყარაბაღის საკითხი არ გადაწყდება, აზერბაიჯანი ყოველთვის იქნება წინააღმდეგი რეგიონალურ პროექტებში სომხეთის მონაწილეობისა. ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა კი დიდწილად რუსეთის ხელშია. მინიშნება იმაზე, რომ ყარაბაღის პრობლემა შეიძლება გადაწყდეს, უკვე კეთდება.
ეს მრავალვექტორიანი პრობლემაა და ბევრი ქვეყნის ინტერესებია ერთმანეთთან გადახლართული. თავის მხრივ, ამაში გარკვეული რისკებია ჩვენი ქვეყნისთვის ჩადებული. შანსები იმისა, რომ ენერგეტიკული პროექტები საქართველოს გვერდის ავლით წავიდეს, თეორიულად იზრდება თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რომ ასე ადვილად წამოვიდეს სომხეთი ამაზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”.