საქართვალოს პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გურგენიძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ლონდონში მისი ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
გურგენიძის თქმით, იგი შეხვდა მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გორდონ ბრაუნს, საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ მილიბენდს, ოპოზიციის ლიდერს დევი კემერონს, ასევე, ფინანსთა სამინისტროს, ცენტრალური ბანკის, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელებსა და სხვა უწყებების წარმომადგენლებს.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ის დიდი მხარდაჭერა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ და ოპოზიციამ საქართველოს რუსული სამხედრო აგრესიის დროს გამოუცხადეს.
ვლადიმერ გურგენიძემ მათ ამისათვის დიდი მადლობა გადაუხადა. გურგენიძის თქმით, დიდი ბრიტანეთი საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესკომპანიების დაფინანსების საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ინგლისელ ინვესტორებს ქართულ ეკონომიკაში დაახლოებით 900 მილიონ დოლარზე მეტი აქვთ დაბანდებული. ინგლისის ბანკებს კი, ქართული ბანკებისა და კომპანიებისათვის დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარის სესხები აქვთ გაცემული.
როგორც ვლადიმერ გურგენიძე აცხადებს, დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს იმაზე, რომ გადაიხედოს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ორმაგი დაბეგვრის შესახებ არსებული ხელშეკრულება, ასევე დივიდენდების დაბეგვრის შემცირების საკითხი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართულ ეკონომიკაში ბრიტანეთის ინვესტიციების შემოდინებას.
პრემიერ-მინისტრის თქმითვე, იგი ასევე შეხვდა ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის პრეზიდენტს. როგორც ამ შეხვედრისას გაირკვა, აღნიშნული ბანკი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან ერთად საქართველოს საბანკო სექტორის დამატებითი დაფინანსებით მასშტაბურ პაკეტს ამზადებს. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, რათა ბანკებმა უახლოეს მომავალში შეძლონ ეკონომიკის აკრედიტების სრულფასოვნად აღდგენა. ეს კი საბოლოოდ ეკონომიკის ზრდის პროცესის გაძლიერებამდე მიგვიყვანს“, _ აღნიშნა ვლოადიმერ გურგენიძემ.
|