საქართველოს იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სიტუაციის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრებს შეხვდა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოძიების მიმდინარეობის პროცესზე და მასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრეს.
“დელეგაციის წევრებს მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია ეთნიკური წმენდის შესახებ, ასევე გადავეცით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენს მიერ მოპოვებული მასალები - რუკები, ფოტომასალა, სამართლებრივი მიმოხილვა იმისა, თუ რა მოხდა საქართველოში”, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკა გვარამიამ.
ევროსაბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელის ლუკ ვან დენ ბრანდეს განცხადებით, ვიზიტის მიზანი ვითარების ადგილზე გაცნობა და ინფორმაციის მიღებაა როგორც პოლიტიკური სექტორისაგან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.
|