საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების დოქტრინა, შესაძლოა, უფრო ადეკვატური გახდეს საქართველოში შექმნილ მდგომარეობასთან მიმართებაში.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების დოქტრინაში იქნება გათვალისწინებული ქვეყანაში არსებული რეალობა, რუსეთის ფაქტორი და სხვა საკითხები.
ბარამიძემ ასევე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის დამკვირვებლების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის დამკვირვებლებმა, მისი თქმით, უნდა უზრუნველყონ საქართველოს დეოკუპაცია, ასევე, განახორციელონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების მონიტორინგი.
- ”რუსეთი შეეცდება თავისი მიზნების განხორციელებას, მაგრამ ევროპა სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს რუსეთზე, რათა მოხდეს მის მიერ დადებული პირობების შესრულება”, - განაცხადა ბარამიძემ.
ბარამიძის განცხადებით, საქართველო კვლავ რეფორმების ერთგული რჩება და რუსულ აგრესიას სწორედ რეფორმებით უპასუხებს.
|