ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოსა და რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სიტუაციის შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრების შეხვედრა რეინტეგრაციის სამინისტროში დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარები გააკეთეს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ რეინტეგრაციის საკითხებში ელენე თევდორაძემ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა თამარ მარტიაშვილმა.
როგორც მარტიაშვილმა აღნიშნა, დროებით კომისიას აინტერესებდა რეალური ინფორმაცია დევნილთა რაოდენობაზე, ის, თუ რას აპირებს სახელმწიფო მათ დასახმარებლად.
"მათ ასევე აინტერესებდათ საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთიდან დევნილების გარდა მუშაობს თუ არა აფხაზეთიდან დევნილთა პრობლემების მოგვარებაზე",-აღნიშნა მარტიაშვილმა.
ელენე თევდორაძემ კი განაცხადა, რომ კომისიას ისტორიული ფაქტები გააცნო სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებით. "როდესაც 11 სექტემბერს სტრასბურგში ვიყავი, ერთ-ერთმა ჩემმა უცხოელმა კოლეგამ მითხრა, რომ ქუთაისი აფხაზეთის დედაქალაქია და სამხრეთ ოსეთი და ჩრდილოეთ ოსეთი სტალინმა გაყოო. ასე რომ, მათ არასწორი წარმოდგენა აქვთ ისტორიაზე და სწორედ ამაზე ვესაუბრე მათ",-განაცხადა თევდორაძემ.
დელეგაცია რეინტეგრაციის სამინისტროდან შსს-ში გაემართა, სადაც ვანო მერაბიშვილს შეხვდება. 20:00 საათზე კი უშიშროების საბჭოს მდივან კახა ლომაიასთან იგეგმება ევროსაბჭოს დელეგაციის შეხვედრა.
|