აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჯერჯერობით არ აპირებს, “ენგურჰესი” თავის კონტროლს სრულად დაუქვემდებაროს. ამის შესახებ “ნეზავისიმაია გაზეტა” “რესპუბლიკის” დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, “ამ ეტაპზე ყველაფერი ისე დარჩება, როგორც წინა წლებში იყო: სადგურზე მუშაობას ქართველი სპეციალისტები აგრძელებენ”.
მისივე თქმით, ჰესის ექსპლუატაციის გადახედვასთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტი ან მიმართვა ჯერჯერობით არ მზადდება.
მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ “საქართველოს “ენგურჰესსზე” უფლება არ აქვს”.
“ენგურჰესი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენი და ნებისმიერ მოლაპარაკებებზე აღნიშნულთან დაკავშირებით პირობებს ჩვენ წამოვაყენებთ”, - განაცხადა ბაღაფშმა.“ენგურჰესიდან” ელექტროენერგიის 60%-ს - საქართველო, 40%-ს კი აფხაზური მხარე იღებს.
|