კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის აზერბაიჯანული სკოლიდან აცნობეს, რომ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამით ალიევი, პედაგოგებს, რომლებიც მის ქმედებებს აპროტესტებენ, ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ალიევის გადაწყვეტილებით, კაბალის სკოლაში ქართული სექტორი გაუქმდა, რაც რამდენიმე პედაგოგმა გააპროტესტა. მათ რეაგირებისათვის განათლების სამინისტროს და ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართეს. ასევე კახეთის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანეს, სადაც ამით ალიევს თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
პედაგოგების თქმით, პროტესტის შემდეგ ალიევი მათ სკოლის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრა, რომ თუ მის წინააღმდეგ სხვადასხვა უწყებებში შეტანილ საჩივრებს უკან არ გამოითხოვდნენ, განმცხადებლებს სკოლასთან ერთად სოფლის დატოვებაც მოუწევდათ. გუშინვე ალიევის ბრძანებით სკოლის შენობაში არ შეუშვეს ქართული ენის ყოფილი მასწავლებელი ხათუნა გოგობერიშვილი.
ამით ალიევი პედაგოგების ბრალდებებს უარყოფს და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
|