პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელად, რომელიც აგვისტოს მოვლენებს გამოიძიებს ჯი-ეიჩ-ენის ინფორმაციით პაატა დავითაია დაინიშნება. აგვისტოს თვეში განვითარებული მოვლენების შესასწავლად პარალმენტის დროებითი კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.
კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი კენჭს დღეს უყრის და კომისიის თავმჯდომარესაც დღესვე დაატკიცებს.
დღესვე განისაზღვრება კომისიის წევრთა რაოდენობაც. ხოლო მათი შერჩევა, კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში მოხდება. კომისიის წევრებს პარლამენტს დასამტკიცებლად კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმად, აგვისტოს მოვლენების დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციას უმრავლესობაზე მეტი წარმომადგენელი ეყოლება.
რაც შეეხება კომისიის ხელმძღვანელს, აქამდე ამ პოსტზე საპარლამენტო უმცირესობის ორი წევრის, გიორგი ახვლედიანის და ნიკა ლალიაშვილის კანდიდატურებს განიხილავდნენ, თუმცა მხარეები საბოლოოდ პაატა დავითაიას კანდიდატურაზე შეთანხმდნენ და პარლამენტი ამ თანამდებობაზე სავარაუდოდ სწორედ მას დაამტკიცებს.
|