პუტინი ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საზღვრის გაუქმებას აპირებს. რუსეთის ექს-პრეზიდენტმა და მთავრობის ამჟამინდელმა მეთაურმა ეს ინციატივა უკვე გაახმიანა.
პუტინის განცხადებით, სასაზღვრო კონტროლის გაუქმება “რესპუბლიკის ეკონომიკურ რეაბილიტაციას შეუწყობს ხელს” და დასძინა, რომ ამისთვის შესაბამისი სამართლებრივ საფუძვლებს რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ხელმოწერილი სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შეთანხმება იძლევა.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია კიდევ ერთი შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც რეგიონში რუსეთის საზღვრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და იმავდროულად სამხრეთ ოსეთის და რუსეთის მოსახლეობას საშუალებას მისცემს “ყოველგვარი ადმინისტრაციული ბარიერის გარეშე” ჰქონდეთ ურთიერთობა.
ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია, აპირებს თუ არა რუსეთი საზღვრის იგივე “მოდელის” აფხაზეთში გამოყენებასაც.
|