ამერიკა პატარა საქართველოს დახმარებაზე ზრუნავს, ხოლო თავად უფრო და უფრო ეფლობა ფინანსურ გაუგებრობაში. ქვეყნის პერზიდენტი დაუფარვად აღიარებს, რომ საყოველთაო ფინანსური პანიკა კარსაა მომდგარი. მიუხედავად ამისა, ოკეანისგაღმა გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებენ და გლობალური პროექტების შეფერხებას გამორიცხავენ.
ნიუ იორკში ახალი კომპანია დაარსდა, რომელიც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვით იქნება დაკავებული. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, “სილქროუდ ტრანსატლანტიკური ალიანსი” ამერიკასა და ქართულ ეკონომიკურ ბაზრებს შორის ხიდის როლს შეასრულებს.
კომპანიის პრეზენტაცია ნიუ იორკის ერთ-ერთ ბოჰემურ უბანში, იმ სასტუმროში გაიმართა, რომლის მფლობელიც ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნიროა. ცერემონიაზე მიწვეულნი იყვნენ ნიუ იორკის მერი, მაიკ ბლუმბერგი ჰოლივუდის მსახიობები უმა თურმანი და ჯულიანა მური, აგრეთვე ცნობილი ამერიკელი ბიზმესმენები.
ქართულ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. ღონისძიებას თბილისის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდა. ჟურნალისტები მხოლოდ რამდენიმე წუთი დაასწრეს ამ ღონისძიებას.
იმ დროს, როდესაც თეთრი სახლის საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით არის დაკავებული და ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტორების ძიებაშია, თავად აშშ-ის ეკონომიკის საქმე ყოველ წუთს რთულდება. ახალი ინვესტიციები და ფინანსური ინექციები ამერიკასაც საქართველოზე არანაკლებ ესაჭიროება, ხოლო ვაშინგტონისათვის ეგზომ აუცილებელი ინვესტიციათა მასშტაბები გაცილებით დიდია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ტელეკომპანია “სი-ენ-ენის” ეთერში გამოსვლისას აღიარა, რომ აშშ სერიოზულ ფინანსურ კრიზისში იმყოფებდა და ის, შესაძლოა, საყოველთაო ფინანსურ პანიკაში გადაიზარდოს.
ბუში თვლის, რომ აუცილებელია აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მიერ შემუშავებული გეგმის რეალიზება. სწორედ ამ გეგმის კონგრესის მიერ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ბუშის თქმით, აშშ, შესაძლოა, საყოველთაო ფინანსურ პანიკაში ჩავარდეს.
- “კონგრესის დაუყოვნებელი მოქმედებების გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ხანგრძლივ და მტკივნეულ რეცესიაში აღმოჩნდება”, - დასძინა ბუშმა.
ამერიკის პრეზიდენტზე ნაკლებად შეფიქრიანებული არც მათი ევროპელი მხარდამჭერები ჩანან. “ამერიკა დაკარგავს ფინანსური სფეროს სუპერსახელმწიფოს სტატუსს კრიზისის შემდეგ, რომელიც მსოფლიოს ფინანსურ ბაზრებს დაატყდა თავს”, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა პეერ შტაინბრუკმა გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას.
მსოფლიოს საფონდო ბაზრების მკვეთრი ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა “ლემან ბრაზერსმა”, რომელსაც შტაბ ბინა ნიუ-ორკში აქვს, ლონდონსა და ტოკიოში კი - ფილიალები, განაცხადა, რომ გაკოტრების პროცედურას იწყებდა.
- “მსოფლიო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. შეერთებული შტატები მსოფლიოს ფინანსურ სისტემაში ზესახელმწიფოს სტატუსს დაკარგავს. თავად ფინანსური სისტემა კი უფრო მრავალპოლარული გახდება”, - განაცხადა გერმანელმა მინისტრმა ბუნდესტაგის დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. მან გააკრიტიკა ამერიკელი და ინგლისელი საინვესტიციო ბანკირების სწრაფვა მაღალი მოგებისკენ, რამაც კრიზისი გამოიწვია.
მინისტრის აზრით, ფინანსური კრიზისი, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის პრობლემაა და მისი სათავეებიც თავად ვაშინგტონშია, რადგან ამერიკის ხელისუფლებას დიდი ხნის განმავლობაში არ სურდა საბანკო სფეროს მოწესრიგება და იმედი ჰქონდა, რომ ბაზარი თავად გაუმკლავდებოდა თავის პრობლემებს.
|