Главная » 2008»სექტემბერი»26 » ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები საფრანგეთში, ქალაქ ვეზელის ზერვოსის მუზეუმში გამოიფინება
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები საფრანგეთში, ქალაქ ვეზელის ზერვოსის მუზეუმში გამოიფინება
14:36
ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები საფრანგეთში, ქალაქ ვეზელის ზერვოსის მუზეუმში გამოიფინება. გამოფენას დღეს საფრანგეთის კულტურის მინისტრი გახსნის. ექსპონირებული იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული 17 ტილო: "დათვი მთვარიან ღამეში", ნატურმორტი, "მზარეული", "ლუდხანა" "ზაქათალა", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "კახეთის მატარებელი", "აქტრისა მარგარიტა", "ჟირაფი", "შეთე გზას უჩვენებს ბარიატინსკის", "ხილის გამყიდველი თათარი" (ხილის დუქანი), აბრა "Распивочно и на выность", "თეთრი ღორი გოჭებით", "მეეზოვე", "უშვილო მილიონერი", "ღარიბი შვილებით", "რუსეთ-იაპონიის ომი", "მარანი ტყეში" და "ბოლნისის წმინდა გიორგის დღეობა". 2008 წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერელურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საფრანგეთის იონის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა, სენატორმა ანრი დე რენკურმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულება ითვალისწინებს გაცვლითი გამოფენების მოწყობას. 2008 წელს საფრანგეთის ქალაქ ვეზელის ზერვოსის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინება, ხოლო 2009 წელს სიღნაღის მუზეუმში პაბლო პიკასოს ნამუშევრებს ჩამოიტანენ. ფრანგმა და ქართველმა რესტავრატორებმა ორი კვირის განმავლობაში ნამუშევრებს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარეს და ტრანსპორტირებისათვის მოამზადეს. ზერვოსის მუზეუმი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების ცენტრია. ის ცნობილი ფრანგი მწერლის რომან როლანის (1866-1944) სახლში არის განთავსებული. მუზეუმში დაცულია პიკასოს, კალდერის, ჯაკომეტის, ერნსტის, ჰელიონის, მიროს, კანდინსკისა და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. ქრისტიან ზერვოსი (1889-1970) ცნობილი ფრანგი კოლექციონერი, მწერალი და გამომცემელი იყო.