აფხაზურმა მხარემ ორი დღის წინ გატაცებული ოთხი ქართველი ახალგაზრდა დღეს გაათავისუფლა.
ბაჩა ახალაია, გოგა კვირკვია, ხვიჩა უბირია და პაპუნა ქვარაია უკვე ზუგდიდის რაიონის ტერიტორიაზე, საკუთარ ოჯახებში იმყოფებიან.
მათი ოჯახის წევრების განცხადებით, დაკავებულების გათავისუფლების სანაცვლოდ მათ თანხა არ გადაუხდიათ, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, თითოეულმა ოჯახმა გამოსასყიდის სახით 2000 ლარი გადაიხადა.
ზუგდიდის რაიონის მაცხოვრებლები ბაჩა ახალაია, გოგა კვირკვია, ხვიჩა უბირია და პაპუნა ქვარაია გალის რაიონის მილიციის განყოფილების უფროსმა ბესიკ ჭყონიამ სოფელ პირველ ოტობაიაში ორი დღის წინ დააკავა. ისინი გალის რაიონში თხილის შესაგროვებლად იყვნენ გადასულები.
ოთხ ახალგაზრდასთან ერთად თავდაპირველად დაკავებული იყო ასევე ოთხი ქალიც, თუმცა აფხაზებმა მოგვიანებით ისინი გაათავისუფლეს და წერილი გამოატანეს. აფხაზები წერილში გოდერძი ეფენიას გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომელიც ზუგდიდში ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკების უკანონო შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. ეფენია ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.
|