ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლის მათიას ეორშის განცხადებით, ის არავითარ დასკვნას არ აკეთებს სამხრეთ ოსეთში ომთან დაკავშირებით, მაგრამ უნდა ითქვას, რომ გარკვეული ფაქტები მათთვის ნათელია. როგორც ეორშმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნათელია, რომ ქართველ სამხედროებს რუსების მიწაზე არ შეუბიჯებიათ. ცხადია ისიც, რომ რუსეთის ჯარი შემოვიდა საქართველოში და ქართულ მიწას დაადგა ფეხი, რომ 6-პუნქტიანი გეგმა რუსეთს არ შეუსრულებულია. ეორშის თქმით, იმ სოფლებში, რომლებიც ბუფერულ ზონებში მდებარეობს, ძარცვა-გლეჯა ახლაც გრძელდება. "ზუსტად იმის თქმა, ვინ აკეთებს ამას, არ შეგვიძლია. დამნაშავეებად ზოგი ოსებს, ზოგი რუსებს, ზოგი კი ჩრდილო კავკასიიდან შემოსულ ოსებს ასახელებს. საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით, ის სახელმწიფო, რომელმაც სხვა ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, პასუხისმგებელია რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე", - განაცხადა ეორშმა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არც ერთი რუსული ბლოკ-პოსტი არ უნდა იყოს. "ჩემი წინა ვიზიტის დროს, როდესაც გორში გავემგზავრე, სამი ბლოკ-პოსტი გავიარე. დღეს კი ერთი, თუმცა ეს ერთიც არ უნდა იყოს", - დასძინა ეორშმა. მანვე კომენტარი გააკეთა კოკოითთან შეხვედრის თაობაზე. "კოკოითმა ჩვენ გვითხრა, რომ ბოლოა ევროსაბჭოს დელეგაცია, რომელსაც ეძლევა საშუალება საქართველოს მხრიდან შევიდეს მათთან. ჩვენთვის ეს მიუღებელია. მიუღებელია ასეთი პოზიცია იმიტომ, რომ ამას იმ ქვეყნის დე-ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომლის დამოუკიდებლობაც მხოლოდ რუსეთმა და ნიკარაგუამ აღიარა", - განაცხადა ეორშმა.
|