პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონთან დაკავშირებით ყველა პოლიტიკურ ძალასა და ექსპერტს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს თანამშრომლობას სთავაზობს. ეს შეთავაზება ბაქრაძემ პლენარულ სხდომაზე “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას გააკეთა.
ბაქრაძემ ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის პრესსპიკერ ლევან ვეფხვაძის შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა. ვეფხვაძე დაინტერესდა, იცნობდნენ თუ არა დეპუტატები ექსპერტ ზაქარია ქუცნაშვილის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი იმდენად სერიოზული და ფაქიზია, რომ არ არის საჭირო ალტერნატიული კანონპროექტების შექმნა.
“დღეს არ არის ალტერნატიულობანას დრო”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ და აღნიშნა რომ ამ საკითხზე ყველამ უნდა იმუშაოს ერთად და მიღებული იყოს შეჯერებული კანონპროექტი.
“ყველა დაინტერესებულ პირს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ითანამშრომლონ ინტერფრაქციულ ჯგუფთან. ახლა პირადი პოლიტიკური ამბიციები გვერდზე უნდა გადავდოთ და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ”, – განაცხადა ბაქრაძემ და აღნიშნა, რომ თუკი ვინმეს ინტერფრაქციულ ჯგუფთან მუშაობა გაუჭირდება, პირადად მასთან შეხვედრისა და საკუთარი აზრის გაცნობის შესაძლებლობა ექნება.
|