თბილისის საკრებულომ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ დღეს ნიკოლოზ ბაჩილავა ფარული კენჭისყრით ერთხმად აირჩია.
ნიკოლოზ ბაჩილავამ ამ თანამდებოდაზე საკრებულოს ყოფილი წევრი თემურ გრიგალაშვილი შეცვალა, რომელიც ისანი-სამგორის გამგებლად დაინიშნა.
ნიკოლოზ ბაჩილავა საკრებულოს წევრი 2008 წლის დასაწყისში გახდა, მანამდე ის დიდგორის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა.
საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ სამადაშვილის განცხადებით, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ნიკოლოზ ბაჩილავა მიზანდასახული, საქმისთვის თავდადებული და დადებითი ადამიანია.
”მიმაჩნია, რომ ახალ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი თავდაუზოგავად გააგრძელებს იმ საქმიანობას, რაც ბატონმა თემურ გრიგალაშვილმა წამოიწყო და მჯერა, რომ იგი ამ ახალ ამპლუას წარმატებით გაართმევს თავს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
საკრებულოს თავჯდომარემ სარევიზიო კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მიღწევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისანი-სამგორის რაიონს თემურ გრიგალაშვილის სახით მოწესრიგებული და საქმისათვის თავდადებული ადამიანი შეემატა.
|