”მოძრაობის ერთიანი საქართველოსათვის” ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია ხელისუფლებას მოძრაობის ოფისთან დაკავშირებით მორიგი პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და საგანგაშოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ “ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიუხედავად, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ამის დრო რჩება”.
როგორც ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში დევნილების სტატუსით “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები შეიჭრნენ და სოფელ არცევიდან და მერეთიდან იძულებულით გადაადგილებუყლი პირებისთვის განკუთვნილი ოთახები დაიკავეს.
”ოფისში შემოჭრილებს ზურგს უმაგრებდა 100-მდე პოლიციელი, რომელთაც პროვოკაციის შემთხვევაში შენობაში შემოჭრა ჰქონდათ განზრახული” - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, ნაცმოძრაობის აქტივისტებმა შენობა მას შემდეგ დატოვეს, რაც დევნილებმა ისინი ამოიცნეს და მობილური ტელეფონის საშუალებით ერედვის საკრებულოს თანამშრომელი გია ქრისტესიაშვილი, ქურთის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილის შვილი თემურ ზანგლაძე და შსს თანამშრომელი მალზახ ლომსაძე დააფიქსირეს.
მოძრაობის წევრები პარტიის ოფისთან დაკავშირებული მსგავსი ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსისთვის გაცნობას აპირებენ.
|