ხუთშაბათი, 25.04.2024, 15:39
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
უნდა დავნებდეთ რუსეთს?
ნახვა: 569
Главная » 2008 » სექტემბერი » 30 » ამერიკული ”რეჟიმ ჩეინჯ” არა პიროვნების არამედ კურსის ცვლას ნიშნავს
ამერიკული ”რეჟიმ ჩეინჯ” არა პიროვნების არამედ კურსის ცვლას ნიშნავს
19:47
ამერიკის შეერთებულ შტატებში ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსის ვიზიტი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ეს ბუნებრივიცაა, რაკი ამერიკა და, ზოგადად დასავლეთი საქართველოში პოლიტიკური ლეგიტიმაციის აუცილებელი პირობა, რესურსი და საშუალებაა. ამერიკის დამოკიდებულების ხარისხმა, განწყობამ და შეფასებებმა დიდწილად განსაზღვრეს პირველი ორი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიასა და ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური ბედისწერა.

გასაგებია, რომ მას შემდეგ, რაც აგვისტოში მოხდა და იმავე ამერიკაში ლეგიტიმურობის საძიებლად წასული პოლიტიკოსები (მაგალითად ქალბატონი ბურჯანაძე) ”კითხვების დასმაზე” ალაპარაკდნენ, ხოლო ქართული პრესა, როგორც ყოველთვის, აღივსო ვარაუდებით და მოსაზრებებით ”ჩანაცვლების” ალბათობაზე, - მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში სტუმრობის შანსს ხელიდან არ გაუშვებდა. თუნდაც ეს ფორმალურად გაეროს გენერალური ასსამბლეის სესიასთან ყოფილიყო დაკავშირებული.

თავისთავად, ვიზიტი რომ შედგა, ეს უკვე ახალი ომისშემდგომი პოლიტიკური რეალობის დემონსტრირებაა. თანაც არა მხოლოდ და არა იმდენად ვაშინგტონის დამოკიდებულების თვალსაზრისით, არამედ იმ მხრივაც, რომ რუსეთის მიერ ჯერ კიდევ დიდწილად ოკუპირებული ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყნის დიდი ხნით დატოვება გარისკა.

მაგალითად სექტემბრის დასაწყისში კი, მიუხედავად ევროკავშირის მიწვევისა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ გარისკა ბრიუსელში გამგზავრება, რაკი საქართველოს საჰაერო სივრცეს მთლიანად რუსული ავიაცია აკონტროლებდა და არსებობდა მაღალი ალბათობა იმისა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავს უკან უბრალოდ აღარ შემოუშვებდნენ ანუ არ მისცემდნენ საკუთარ ქვეყანაში დაშვების საშუალებას. ეს პირდაპირ თქვა კიდეც რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ანატოლი ნოგოვიცინმა, რომელმაც ბრიფინგზე საგანგებოდ აღნიშნა, რომ ”ყველა სამოქალაქო უწყება, რომელიც საქართველოში ფრენებს ახორციელებს, ვალდებულია ეს ჩვენთან შეათანხმოს უსაფრთხოების მიზნით”.

ამის შემდეგ საქართველოს სტატუსი და რეალური მდგომარეობა შეიცვალა - იმავე დასავლეთის წყალობით რუსული თვითმფრინავები ამჟამად მხოლოდ ”სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის ზეცაში ახორციელებენ პატრულირებას. თვით ამერიკაში ვიზიტს რაც შეეხება, ბუნებრივია იგი ვერ იქნებოდა იმ ფორმისა და შინაარსის, როგორც 2004 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი და ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი ვაშინგტონის ქუჩაში შეძენილ ჰამბურგერებს მიირთმევდნენ და გამვლელებს ხელის ჩამორთმევით ესალმებოდნენ.

ამერიკა მაშინ საქართველოს ახალ ლიდერს განიხილავდა, როგორც წარმატებული საგარეო-პოლიტიკური პროექტის განსახიერებას და სწორედ ამით იყო განპირობებული არა მხოლოდ პრეზიდენტ ბუშის ვიზიტი 2005 წლის მაისში, არამედ რუსეთ-საქართველოს უკანასკნელ კონფლიქტში ამერიკის აქტიური პოზიცია. ზოგადად, ამერიკის საგარეო პოლიტიკას აქვს ერთი თვისება, რომელსაც რუსი პოლიტიკოსებიც აღიარებენ:

ამერიკა არასდროს არ ”ტოვებს” და არ ”ყიდის” ლოიალურ პოლიტიკოსებს, რომლებზეც სერიოზულ ფსონებს ჩამოვიდა. განსხვავებით იმავე მოსკოვისაგან, რომელმაც იმპერიის დაშლის პროცესში თუკი ვინმეს გაყიდვა შეიძლებოდა, - ყველა გაყიდა და მიატოვა: დაწყებული გერმანიის დემოკრატიული რესპულიკის ხელმძღვანელ ერიხ ხონეკერიდან (რომელსაც ჩილეში ამოხდა სული, რაკი მოსკოვიდან გააგდეს), დამთავრებული სლობოდან მილოშევიჩით, რომელსაც პოლიტიკურ თავშესაფარზეც კი უარი უთხრეს!!!

ბუნებრივად წარმოიშვა კითხვა: რატომ არ გაემგზავრა სააკაშვილი ვაშინგტონში? - იმიტომაც, რასაკვირველია, რომ პრეზიდენტი ბუშიც და სახელმწიფო მდივანი კონდი რაისიც ნიუ იორკში იმყოფებოდნენ. ამის მიუხედავად, გარკვეული კითხვები მაინც წარმოშვა იმ ფაქტმა, რომ ჯორჯ ბუში მიხეილ სააკაშვილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, მაგრამ თუ გაეროში ამერიკის პრეზიდენტის გამოსვლის ტონალობასა და შინაარსს გავითვალისწინებთ, ეს არ არის გასაკვირი - ჯორჯ ბუშ-უმცროსის გუნდს მიაჩნია, რომ ყველაფერი გააკეთა საქართველოსთვის, რისი გაკეთებაც შეეძლო ან შესაძლებელი იყო:

რუსული ჯარები აღარ კეტავენ საქართველოს სასიცოცხლო მაგისტრალებს და ამჟამინდელ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნორმალური ვითარება ბრუნდება. ასეთ ვითარებაში ამერიკას ნამდვილად არ სურს რუსეთთან ურთიერთობათა ზედმეტად დაძაბვა მეტისმეტი აჟიტირებით მაშინ, როდესაც ერაყში, ირანის გარშემო და ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად მას ჰაერივით სჭირდება რუსეთის ნეიტრალიტეტი მაინც - თუ არა მხარდაჭერა.

ჩვენში დიდი ხმაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია აგრეთვე ”ელიტურმა ფართიმ”, რომელიც ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში გაიმართა (ეს რესტორანი რობერტ დე ნიროს საკუთრებაა) და მას ჰოლიუდის ვარსკვლავები ესწრებოდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტი სააკაშვილი ითვალისწინებდა თანამედროვე ”ფაბლისიტის” უმთავრეს კანონს, რომლის მიხედვით, ლეგიტიმურობის ხარისხი ხშირად განისაზღვრება არა მხოლოდ პოლიტიკოსთა, არამედ აპოლიტიკური საჯარო ფიგურების მხარდაჭერით.

ამერიკაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისევე, როგორც (ვთქვათ) საფრანგეთში, რომლის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა საკუთარი მეუღლე, - კარლა ბრუნი აქცია ამგვარი ”ფაბლისიტის” ფაქტორად და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. კარგია ეს თუ ცუდი, მოგვწონს თუ არა, თანამედროვე დასავლური პოლიტიკური ტექნოლოგია ამ მეთოდიკას არათუ სცნობს, არამედ მოითხოვს კიდეც.

მით უმეტეს კრიზისულ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკოსებს ესაჭიროებათ არა უბრალოდ საკუთარი პერსონის, არამედ იმ ღირებულებათა მხარდაჭერა, რომლითაც ისინი მოვიდნენ პოლიტიკურ ასპარეზზე. ამის მიუხედავად, ამერიკიდან წამოსულმა ”მესიჯებმა” საქართველოში მაინც არაერთგვაროვანი გამოხმაურება ჰპოვა. ერთ-ერთი ასეთი გამოხმაურება და პოლიტიკური მოვლენაა ”ვარდების რევოლუციის” მთავარი შემოქმედის, ეროსი კიწმარიშვილის დემარში, რომელმაც განაცხადა, რომ ტოვებს სააკაშვილის გუნდს, რაკი მასთან თანამშრომლობა უპერსპექტივოდ მიაჩნია, ხოლო სააკაშვილის პოლიტიკამ ქვეყანა დამღუპველ ომში ჩაითრია.

საინტერესოა, რომ როგორც ”ჯი-ეიჩ-ენ”-ისათვის გახდა ცნობილი, ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე, სულ რამდენიმე საათით ადრე კიწმარიშვილი ამერიკაში გაემგზავრა დილის რეისით. ”ახალი მემარჯვენეების ლიდერმა”, დავით გამყრელიძემ ”ჯი-ეიჩ-ენ”-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ”როგორც ჩანს ახლოვდება რეჟიმის ცვლილება. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ ნინო ბურჯანაძე, ზურაბ ნოღაიდელი, ეროსი კიწმარიშვილი უკვე ღიად აკრიტიკებენ პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის გუნდს. ძნელი სათქმელია, გასტანს თუ არა ამჟამინდელი ხელისუფლება გაზაფხულამდე, როდესაც ახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს”. ექსპრეტმა გიორგი ხუხაშვილმა კი განგვიცხადა, რომ ”ყველა ეძებს თავის ადგილს უმწვავესი პოლიტიკური და სოციალური კრიზისის მოახლოების კვალობაზე და ცდილობენ მეორე ბანაკში გადაბარგებას”.

ბუნებრივია, ადრე სააკაშვილის ”გემზე მოკალათებული” ნიშანდობლივი ფიგურების წასვლა (ბურჯანაძე, კიწმარიშვილი, ნოღაიდელი და ასე შემდეგ) მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ სწორად გაიგეს ამერიკული მესიჯი და თვით ქართული მოსახლეობის განწყობაც. ბევრი რამ ამ პროცესში იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ახალი ოპოზიციური კოალიცია, რომელიც ამჟამად ჩვენს თვალწინ ყალიბდება ზემოთჩამოთვლილი ფიგურების გარშემო, საზოგადოებას ჭეშმარიტად ალტერნატიული პროექტი შესთავაზოს! წინააღმდეგ შემთხვევაში, კატაკლიზმებით დაღლილ-დაქანცული ქართული სოციუმი მხოლოდ პერსონალიების ჩანაცვლებისა და ამბიცია-წყენათა დაკმაყოფილებისათვის აუტკივარ თავს ნამდვილად აღარ აიტკივებს და რაოდენ უკმაყოფილოც არ უნდა იყოს, მასაში ისევ ”შეჩვეულს” არჩევს.

რეალურად კი ”ამერიკული მესიჯი”, რომელიც სააკაშვილმა ნიუ იორკიდან ჩამოიტანა, სულაც არ გულისხმობს უეჭველად ”რეჟიმ-ჩეინჯს”. დღევანდელი რეჟიმი (ამ ტერმინის დასავლური და არა რუსულ-საბჭოთა გაგებით) მთლიანობაში მისაღებად მიაჩნიათ.

ამერიკელები ამჟამად აკვირდებიან შექმნილ ვითარებას, მაგრამ სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელშესახებ მხარდაჭერაზე უარს არ ამბობენ - ამის მანიშნებელია, რომ სწორედ პრეზიდენტის ვიზიტის დროს კონგრესმა მილიარდიანი დახმარების პირველი ტრანში გამოჰყო.

ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატებიდან პრეზიდენტი სააკაშვილი დაბრუნდა იმ დაპირებით ”ხელდამშვენებული”, რომ თუ იგი საქმეს მასობრივ გამოსვლებამდე არ მიიყვანს, ოპოზიციასთან ურთიერთობებს ასე თუ ისე დაალაგებს და ვითარებას არც კონფლიქტის ზონებში გაამწვავებს (ამჟამინდელი რეალურ განლაგებას შეურიგდება), ვაშინგტონი კვლავ მზად არის მასთან საქმე იქონიოს, - განურჩევლად იმისა, ვინ დაეპატრონება თეთრს სახლს ნოემბრის არჩევნების შედეგად.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანამ საქართველოში პოლიტიკური ლეგიტიმაციის ასეთი რესურსი და მოთხოვნილება არსებობს, ქვეყნის პრეზიდენტს სხვაზე მეტი თუ არა, არანაკლები შანსი აქვს ამ რესურსით ისარგებლოს სწორედ იმიტომ, რომ ამერიკა ქვეყანას, მის კურსსა და ორიენტაციას უჭერს მხარს და არ პიროვნებას.

”რეჟიმ ჩეინჯ” არა პიროვნების, არამედ კურსის შეცვლას ნიშნავს.

Просмотров: 958 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz