არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს მიმართავენ.
როგორც საგანგებო მიმართვაშია აღნიშნული, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო ოპოზიციურმა პარტიებმა პროტესტის ნიშნად უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და დატოვეს მანდატები.
”პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ ქვეყნის ყველაზე მსხვილი და რეიტინგული ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის პარტიები, რომლებმაც უარი თქვეს პარლამენტის წევრის მანდატებზე. აღნიშნულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი ზღვარი გაავლო ამ პოლიტიკურ ძალებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც დღეს პარლამენტში ოპოზიციის სახელით არიან წარმოდგენილი და რომლებსაც ხელისუფლება იყენებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის”,-ნათქვამია განცხადებაში.
პარტიები თხოვნით მიმართავენ დიპლომატებს, რომ შეხვედრების დაგეგმვისას გაითვალისწინონ ის ფაქტორი, რომ საპარლამენტო და არსაპარლამენტო ოპოზიცია ხშირად არ ეთანხმება ერთმანთს.
- ”ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ძალიან ბევრ საკითხზე ჩვენს პარტიებს შორის არის შეხედულებათა და პოზიციების არსებითი სხვაობა, რაც შეუძლებელს ხდის ოპოზიციის ერთიან ფორმატში ჩვენს მონაწილეობას სხვადასხვა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით მოწყობილ შეხვედრებზე”,-აღნიშნულია განცხადებაში.
|