ქართველი ტყვეების არსებობის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არავინ ფლობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მძევლებად აყვანილი სამოქალაქო პირები ოსურ მხარეს ცხინვალში ჰყავს დაკავებული და მათი ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვენ. რაც შეეხება სამხედრო ტყვეებს, მათზე მხოლოდ მოარული ხმები დადის. მათი ზუსტი ვინაობა, რაოდენობა ან ადგილსამყოფელი არავინ იცის.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ გარკვეული ინფორმაცია არსებობს, მაგრამ სანდო დადასტურება ამის თაობაზე სამთავრობო სტრუქტურებიდან მან ვერ მიიიღო.
- “ზოგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ასეთი ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ ვრცელდება, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულების ახლობლებს მათი პოვნის იმედი დარჩეთ. მაგრამ ინფორმაცია საოცარია - ზოგი ამბობს, რომ ბესლანისა და ვლადიკავკაზის საავადმყოფოებში ქართველი სამხედრო პირები ჰყავდათ გადაყვანილი. მაგრამ ამავდროულად პირები, რომლებიც უნდა ფლობდნენ ამ ინფორმაციას, მას უარყოფენ”.
“ამბობენ იმასაც, რომ ერთი ოფიცერი პეტერბურგში იყო გადაყვანილი. იქ რა უნდოდა, ან რისთვის გადაიყვანეს, ამასაც ვერ ხსნიან. ეს არა ოსური, ან რუსული, არამედ ქართული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაა,” - ამბობს არეშიძე.
მისი თქმით, ამ საკითხების გასარკვევად მათ ჩრდილო ოსეთთან დაკავშირებაც სცადეს, მაგრამ იქ მოქმედი “წითელი ჯვრის”კომიტეტისა და ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები ქარველი სამხედრო ტყვეების არსებობას უარყოფენ.
თუმცა, არეშიძის თქმით, ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ ოსი სამხედროები, განსაკუთრებით კი მოზდოკისა და ბესლანის ჰოსპიტალების ხელმძღვანელები, ინფორმაციის მოწოდებაზე საერთოდ უარს აცხადებენ.
- “ეს უკვე თავისთავად ეჭვს იწვევს. საერთოდ კი სამხედროებთან დაკავშირებით, გამოსასყიდის მოთხოვნის არც ერთი ფაქტი არაა. ერიკ დუდაევს ჰყავს რამოდენიმე ქართველი ტყვე და მათზე ვაჭრობა გააჩაღა თავისი ძმის, მარეკის გამო. სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ყრუდ გვაქს ინფორმაცია, რომ რამოდენიმე ადამიანია დაკარგული. მათი ბედი ამ წუთისთვის უცნობია, იმიტომ, რომ ყველა არხი, რაც ომის პერიოდში საერთოდ ტყვეების მოსაძიებლად გაგვაჩნდა, ჩაიკეტა,” - ამბობს არეშიძე.
რაც შეეხება ქართველი სამოქალაქო პირების მძევლობაში ყოფნას, არეშიძე ამბობს, რომ არაერთი ფაქტია, როდესაც მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ოსურმა მხარემ გარკვეული თანხა მოითხოვა. როგორც არეშიძე ამბობს, თანხის რაოდენობა დიდი არ იყო.
- “ერთ მოხუცში, რომელიც ცხინვალში ჰყავდათ დატყვევებული, 300 ათას დოლარს ითხოვდნენ, შემდეგ 10 ათას დოლარზე ჩამოვიდნენ და ამ თანხაზე შეთანხმდნენ. ეს კაცი სოფელ ხეითიდანაა. თუმცა ისეთი რამ მოხდა - გადაცვლის პროცესში მოხუცებულის პატრონებმა მოვაჭრეებიც ჟეჟეს, არც თანხა დაუბრუნეს და მოხუციც წამოიყვანეს”.
“ამ ამბავში ოსებთან ერთი მოღალატე ქართველი იყო ჩართული. მოხუცი მას ჩააბარეს. მან ოსებს გადასცა, რომ ფული არ აუღია, მაგრამ დაჰპირდა, რომ პატრონი დიდ თანხას მიიტანდა და რომ შემდეგ გაიყოფდნენ. ამ ქართველს ცოლი ოსი ჰყავს და ცხინვალში ცხოვრობს. მოხუცის ნათესავებმა და ახლობლებმა სწორად გათვალეს და გადაცვლის პროცესში მოხუცის ფულზე გადაცვლა ხელი-ხელში მოითხოვეს. როცა ოსებთან შეკრულმა ქართველმა საზღვარზე მოხუცი მიიყვანა, წაართვეს, ფულიც არ მიცეს და გემრიელადაც ჟეჟეს”.
“ვცდილობთ ინფორმაცია შევაგროვოთ მძევლებისა და ტყვეების შესახებ. ზოგ შემთხვევაში მძევლების ყოლაში მხოლოდ მატერიალური ინტერესი არ გააჩნიათ (ეს დუდაევის მაგალითზეც შეიძლება ითქვას); ან ჩვენები რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშ არიან და ჩვენ, ანუ დამოუკიდებელ შუამავლებს მათთან თანამშრომლობა არ შეგვიძლია,” - ამბობს არეშიძე.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი ტყვეების არსებობს შესახებ რაიმე კონკრეტულ დადასტურებულ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც უტიაშვილი ამბობს, სავარაუდოდ რამოდენიმე ქართველი დაჭრილი სამხედრო სასუნთქ აპარატზე მიბმულები ვლადიკავკაზში გადაიყვანეს.
თუმცა, მისივე თქმით, ვლადიკავკაზის ჰოსპიტალის შემდეგ მათი კვალი ქართულმა მხარემ დაკარგა. სამოქალაქო პირები კი ცხინვალში ჰყავთ დატყვევებულები და მათ გათავისუფლებაზე ნათესავებისგან გამოსასყიდს ითხოვენ.
|