პარასკები, 19.04.2024, 18:22
სიახლები საქართველოს შესახებ.
Главная | Регистрация | Вход Приветствую Вас სტუმარი | RSS
Меню сайта
Наш опрос
საქართველო დაიბრუნებს დაკარგულ ტერიოტორიებს?
ნახვა: 114
Главная » 2008 » სექტემბერი » 30 » ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი აფეთქება მზადდება
ჩრდილოეთ კავკასიაში დიდი აფეთქება მზადდება
19:50
კავკასია, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება მსოფლიოს თავსატეხი. ეს რეგიონი ბოლო 20 წელიწადია ცხელ წერტილად რჩება და ”განელება” კიდევ დიდხანს არ უწერია. გასულ კვირას მოსკოვის ცენტრში საქართველოში ნაბრძოლი რუსეთის გმირი, ჩეჩენი რუსლან იამადაევი მოკლეს. მისი მკვლელობა და ინგუშეთში მიმდინარე მოვლენები კარგს არაფერს მოასწავებს. რუსული ტელეარხები იამადაევის მკვლელობაში ჩეჩნეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, რამზან კადიროვს ადანაშაულებენ. რას უნდა მოასწავებდეს კრემლის კონტროლირებადი არხებისაგან კრემლის ერთგულ კაცადვე შერაცხილი კადიროვის დისკრედიტაცია, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს...

ძმები რუსლან, სულიმ და ბაჰაუთინ იამადაევები ჩეჩნეთში საკმაო გავლენით სარგებლობდნენ. სამი ძმიდან ორი რუსეთის გმირი იყო. რუსლანი და სულიმი თავდაპირველად ”წინააღმდეგობის ჩეჩნურ ჯგუფში” იბრძოდნენ, მერე კი კადიროვს დაუჭირეს მხარი. მოგვიანებით იმავე დაჯგუფებას დაუპირისპირდნენ და ამით გამოიჩინეს თავი რუსეთის წინაშე.

მამუკა არეშიძე (ექსპერტი კავკასიის საკითხებში): კადიროვს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის კონტროლირებადი სამხედრო ერთეულები აღარ სჭირდებოდა, ამიტომ დაიწყო მათი მოხრჩობა. რუსეთის ფედერაციაში ერთადერთი რესპუბლიკაა ჩეჩნეთი, რომლის ძალოვან სტრუქტურაში მინიმუმამდეა დაყვანილი რუსების რაოდენობა. კადიროვმა რუსი სამხედრო კომენდანტიც კი გააძევა ჩეჩნეთიდან. გააძევა იქ დისლოცირებული სამხედრო ნაწილების რუსული ხელმძღვანელობა. ახლა რუსები თავიანთ ნაწილებს კისლოვოდსკიდან, ესენტუკიდან და მოზდოკიდან მართავენ.

როგორ მოახერხა ეს კადიროვმა?
- რამზან კადიროვი პუტინის პირადი ”პროექტია” და მასთან ძალიან დაახლოებულიც. პუტინმა გახადა კადიროვი სახელმწიფო ფედერალური საბჭოს წევრი. კადიროვის პუტინისადმი ერთგულება განუსაზღვრელია, მაგრამ მას ნათქვამი აქვს ერთი რამ: მე ფიცი დავდე პუტინის და არა რუსეთის წინაშეო. ეს ძალზე საინტერესო ფრაზაა. ამაში შეიძლება ბევრი რამ იგულისხმებოდეს, მათ შორის ისიც, პუტინი რომ არ იქნება, მე როგორ მოვიქცევი, ეს ჩემი საქმეაო.

გასაგებია, მაგრამ რუსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ხომ დღემდე პუტინია?
- არც მთლად ასეა საქმე. ფარული დაპირისპირება პუტინისა და მედვედევის ფრთებს შორის არის. საქმე ის გახლავთ, რომ აჰმედ კადიროვს თავის დროზე მთავარი დავა რუს გენერალიტეტთან ორ საკითხზე ჰქონდა, - მოსკოვიდან შემოსული ტრანშების განაწილება და ვის უნდა დარჩენოდა ჩეჩნური ნავთობიდან მიღებული შემოსავალი - ჩეჩნეთს თუ ფედერაციას. ჩეჩნური ნავთობი მთლიანად ფედერაციას მიჰქონდა. კადიროვმა იმდენი იბრძოლა, რომ ბოლოს და ბოლოს, მოკლეს. როცა რამზანი გაპრეზიდენტდა, პუტინმა მიიღო პირადი გადაწყვეტილება - 55% ფედერალურ ცენტრს დაუტოვა, 45% კი ჩეჩნეთს მისცა. მედვედევის მოსვლის შემდეგ კი ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჩეჩნეთში დღეს ნავთობიდან შემოსული თანხის მხოლოდ 15% რჩება და ეს კადიროვ-უმცროსს აცოფებს.

იამადაევის მკვლელობასთან ამას რა კავშირი აქვს?
- საქმე ის არის, რომ წმინდა ჩეჩნურ, მაგრამ ცენტრს დაქვემდებარებულ და უშუალოდ კადიროვს დაქვემდებარებულ ნაწილებს შორის ურთიერთობა შარშან ძალზე დაიძაბა. იყო შეტაკებაც, რაც მეორე დღეს სოფელ სერჟენიუთში ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებაში გადაიზარდა. მსხვერპლი ძალიან დიდი იყო და ფედერალურმა ცენტრმა ძლივს ჩააწყნარა ეს ამბავი, მაგრამ მტრობა გაგრძელდა. მანამდე კი ბატალიონ ”გორეცს”, რომელიც ასევე ცენტრს ექვემდებარებოდა, კადიროვმა ალყა შემოარტყა და განაიარაღა.

”გორეცის” მეთაური ბაისაროვი მოსკოვში გაიქცა. კადიროვმა მას ხალხი დაადევნა და მოსკოვის ცენტრში, პირდაპირ ტვერსკაიაზე მოაკვლევინა. იამადაევის მკვლელობაც ზუსტად იმავე ადგილზე, იმავე ხელწერით მოხდა. ორი ვერსიაა, - ან ეს საქმე მართლა კადიროვის ჩადენილია, ან ვიღაცას სჭირდებოდა ზუსტად იმავე ხელწერით მოკლულიყო იამადაევი.

ბოლო დროს მოსკოვიდან აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსლან ან სულიმ იამადაევი შეიძლებოდა გამხდარიყვნენ კადიროვის შემცვლელები. ასე იყო თუ ისე, კადიროვმა სულიმსა და ბაჰაუთინზე ფედერალური ძებნა გამოაცხადა. ისინი ჩეჩნეთშიც ვეღარ ჩნდებოდნენ. სულიმი საქართველოშიც იყო ერთხანს.

გამოდის, კადიროვი აღარ მოსწონს რუსეთს?
- მედვედევს მართლაც არ მოსწონს, კადიროვს კი ეს ძალზე აღიზიანებს. ახლა საქმე დასწრებაზეა. კადიროვი საკმაოდ კარგად აფასებს მოვლენებს და ორმაგ თამაშსაც ეწევა.

იამადაევს 40 ჩეჩენი დაეღუპა საქართველოსთან ბრძოლაში. ცალკე იჩქერიის იატაკქვეშეთის პრეზიდენტმა დოკუ უმაროვმა ყველა ჩეჩენი, რომელიც საქართველოში იბრძოდა, მოღალატედ გამოაცხადა და სულიმ იამადაევს დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯა. მეორე მხრივ, კადიროვმა განუცხადა 58-ე არმიის ხელმძღვანელობას, თუ იამადაევი მართლაც საქართველოში იბრძვის, ჩამოვალ და ჩემი ხელით დავხვრეტო.

ამიტომაც იყო, რომ სერდიუკოვმა იამადაევი უცებ გადააყენა დაკავებული თანამდებობიდან. მოგვიანებით საინტერესო ჭორიც გავრცელდა: არ არის გამორიცხული, იამადაევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრად დავნიშნოთო. ყველამ კარგად იცის, რომ ეს პოსტი ტრამპლინია. ეს ჭორი იმას ნიშნავდა, რომ არ არის გამორიცხული, აქედან იამადაევი პირდაპირ ჩეჩნეთის პრეზიდენტად დასვანო.

ასე იყო თუ ისე, იამადაევი იძულებული გახდა, მოსკოვში წასულიყო და იგორ სეჩინის კართან ჩამომჯდარიყო. სეჩინი სათბობენერგეტიკის კომპლექსის ხელმძღვანელია, რომელიც ნავთობის გამო კადიროვთან დანასისხლად არის, კადიროვმა მას დედაც კი შეაგინა, სეჩინი კი ასეთ რამეებს არავის აპატიებს.

ე.ი. იამადაევი კადიროვის მოკლულია?
- არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსლან იამადაევი სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ ძმამ, სულიმ იამადაევმა შური იძიოს. ეს რუსეთს სჭირდება - მას კადიროვი აღარ მოსდის თვალში.

და ამას რუსეთი სულიმ იამადაევის ხელით აპირებს?
- რუსეთისათვის იდეალური ვარიანტია, თუ მოკლავენ რამზან კადიროვს და მერე ამას სისხლის აღების ბარბაროსულ წესს დააბრალებენ. პოლიტიკა ამ საქმეში არ უნდა ფიგურირებდეს. მერე იამადაევი გახდება პრეზიდენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს დროებით მაინც ჩეჩნეთში პრობლემები აღარ შეექმნება. ვინ დარჩება მოგებული ამ სისხლიან ავანტიურაში, სავარაუდოდ, რამაზანის დასრულების შემდეგ გაირკვევა. სულიმ იამადაევი სისხლის აღებას სწორედ რამაზანის დასრულების შემდეგ გეგმავს. კავკასიაში რომ დიდი აფეთქება მზადდება, ცხადია. მოკლედ კავკასია დენთის კასრზე ზის.

საფრთხე რეალურია თუ რუსეთი შეძლებს კავკასიაში ამბოხების ჩახშობას?
- თუ ეს პროცესი ომში გადაიზარდა, რუსეთს მძიმე პრობლემებს უქადის - უზარმაზარ ეკონომიკურ ზარალს, საერთაშორისო პრობლემებს. ეს აღარ იქნება ჩეჩნეთის ომი. 90-იან წლებში რუსეთს ბევრი რამ აპატიეს, დღეს ამას აღარავინ გააკეთებს, თან საქართველოსთან კონფლიქტის შემდეგ. გარდა ამისა, ეს შეიძლება რუსეთს ტერიტორიების დაკარგვადაც დაუჯდეს. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო რამ აქვს ნათქვამი ერთ საბჭოთა ისტორიკოსს: თუ გვინდა, რუსეთმა თავისი ძლიერება აღადგინოს, უნდა გაუშვას კავკასია და ბალტიისპირეთიო. დიდი საფრთხე რუსეთს ნამდვილად ელის და თუ ამაში კავკასიას ბაშკირეთი და თათრეთიც აჰყვება, მაშინ რუსეთის დაჩოქება გარდაუვალია.

ამ დაპირისპირებაში საქართველოს რა ელის?
- ჩვენ გამარჯვებული ფუნდამენტალისტი მეზობლები არ გვჭირდება. ეს ჩვენი ტრაგედიაც იქნება. ფუნდამენტალიზმის ტენდენციები ძალზე მოძლიერდა აზერბაიჯანში და, სამწუხაროდ, ქვემო ქართლშიც. თუ ამ საქმეში ინიციატივას ხელში ნაციონალ-სეპარატისტები აიღებენ, შესაძლებელი იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმე ძალზე წინ წაიწიოს.

რუსეთს ჩვენთვის აღარ ეცლება?
- შეიძლება მოიცალოს, მაგრამ უკვე წინა პლანზეა თემა, რომელიც ძალზე გამწვავდა აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით. თუ აფხაზებისა და ოსებისათვის შეიძლება აღიარება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლებაო. მეორე - ჩრდილოეთ კავკასიაში ოსური ეთნოსი ჩამოსახლებულად ითვლება. ოსების ბოღმა ჩეჩნებსაც აქვთ და ინგუშებსაც. ჩეჩნები და ყაბარდოელები აფხაზებზეც ძალიან განაწყენებული არიან. ამბობენ, ჩვენ ვიბრძოდით მათი დამოუკიდებლობისთვის, აფხაზებმა კი, როცა ჩვენ გვიჭირდა, ხელიც არ გაანძრიესო.

კავკასიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყება როდისთვისაა მოსალოდნელი?
- ვფიქრობ, ეს მომავალი გაზაფხულის საქმეა. ახლა ხალხის რესურსის, ფულისა და საბრძოლო მასალის დაგროვება მიმდინარეობს. გარწმუნებთ, ტყუილად არ მოუწყვია დაღესტნის ჯამაათს თავისი ძალის დემონსტრირება.

ეს უნდა გაეთვალა რუსეთს, დავიჯეროთ, შეცდა?
- ასეა. რუსეთმა ჩრდილოკავკასიელი ხალხის მმართველობაშიც დიდი შეცდომა დაუშვა. საკმარისია, მეჩეთში აქტიურად მოსიარულე და მლოცველი შეამჩნიონ, რომ იმწუთშივე რეპრესიებს იწყებენ. თუ ოდნავ წვერი აქვს ადამიანს მოშვებული ან ოდნავ მოკლე შარვალი აცვია, ხომ დამთავრებულია მისი საქმე. ვაჰაბიტად ნათლავენ. მეჩეთში სიარული, პრაქტიკულად, აკრძალეს. ამან კი წარმოშვა აგრესია ხელისუფლების მისამართით.

ამბობენ, რომ ბოლო დროს ჩეჩნები თურქულ ბაზებზე გადიან წვრთნას. ეს რას უნდა მოასწავებდეს?
- ზუსტად არ ვიცი ეს ამბავი, მაგრამ ყრუ ინფორმაცია მაქვს. ვიცი, რომ ჩეჩნები წვრთნებს გადიოდნენ არა მარტო თურქეთში, არამედ პაკისტანში, ავღანეთში, ყირიმშიც კი, ყირიმელი თათრების ბაზებში. ისლამური სოლიდარობის პრინციპებიდან გამომდინარე, ეს არ არის გასაკვირი.

როგორ ფიქრობთ, თუ კავკასიაში ფართო მასშტაბიანი ბრძოლა დაიწყო, მსოფლიო მას მხარს დაუჭერს, თუნდაც რუსეთის ჯიბრზე?
- მსოფლიოში არიან ძალები, რომლებიც ამ ბრძოლას აუცილებლად დაუჭერენ მხარს, მაგრამ ევროპისათვის ნაციონალური სეპარატიზმი იქნება მისაღები და არავითარ შემთხვევაში - ისლამური სეპარატიზმი. არ არის გამორიცხული, რუსეთის ქმედებებით გაღიზიანებულმა მსოფლიომ ამ პროცესებს აშკარად დაუჭიროს მხარი, მთავარია, რა ურთიერთობა იქნება იმ დროისათვის ჩამოყალიბებული რუსეთსა და მსოფლიოს შორის. გარანტირებული მხოლოდ ისაა, რომ არაბული სამყარო ამ პროცესებს აშკარად დაუჭერს მხარს.

ჯიუტობასა და მცდარ პოლიტიკას ძალზე მძიმე მდგომარეობამდე მიჰყავს ყველა ქვეყანა. რუსეთი დაისჯება თუ არა მისი შეცდომების გამო, არავინ იცის, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმც პროცესები ისე ვითარდება, რომ საქმე აქეთკენ მიდის. რუსეთს ჰქონდა საშუალება, რომ თავისი ქვეყნისთვის აეცილებინა სეპარატიზმის საფრთხე საქართველოსთან კარგი ურთიერთობის ხარჯზე. მან კი საქართველოს დასჯა გადაწყვიტა მისი პოლიტიკური კურსის გამო. ადგა და საფუძვლიანად შეაიარაღა მთელი ჩრდილოეთი კავკასია საქართველოს წინააღმდეგ. ის ჩრდილოკავკასიელები კი შინ დაბრუნდნენ და ამ იარაღით რუსი ჯარისკაცების ხოცვა-ჟლეტა დაიწყეს.

Просмотров: 892 | Добавил: admin | Рейтинг: 0.0/0 |
Всего комментариев: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Форма входа
Календарь новостей
«  სექტემბერი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
Поиск
Друзья сайта
Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz