რუსეთ-საქართველოს ომს აფასებს გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმირ კვაჩკოვი, რომელსაც ცოტა ხნის წინ, ანატოლი ჩუბაისზე მოწყობილ თავდასხმაში ედებოდა ბრალი და რუსეთის სასამართლომ გაამართლა. გენერალი ამჟამად სამხედრო ექსპერტად გვევლინება და “უტრო.რუ”-სთან საუბრისას, მეტად საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდის. საუბრიდან ჩანს, რომ რუსულ სამხედრო წრეებს საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის ან დაპატიმრების გეგმა ჰქონდათ. უბრალოდ, როგორც კვაჩკოვი წუხს, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გასცა ბრძანება: STOP!
როგორ აფასებთ ომის პოლიტიკურ შედეგებს? - კონფლიქტის ზონაში ჯარების შეყვანა, ქართული ჯარის დამარცხება და საქართველოს ნაწილზე კონტროლის დამყარება, უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ყველაზე დიდი მიღწევაა. ამას ვაცხადებ ყოველგვარი ირონიის გარეშე. ბოლოს და ბოლოს, კრემლში რაღაც გადაწყვიტეს. თუმცა, ამის შემდეგ, წარმატების აღსანიშნავად გაბერილი საზეიმო ბუშტი თანდათან იჩუტება.
თუ გავითვალისწინებთ, რით დასრულდა ყველაფერი, დღეისთვის, ეს ბუშტი ძაფზე დაკიდულ გამოყენებულ პრეზერვატივსღა ჰგავს. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ყველა სამხედრო მიზანს. დავიკავეთ ფოთი და გორი, რომელიც შუაზე ჰყოფს საქართველოს. დანამდვილებით ვიცი, რომ დამატებით მხოლოდ სამი საათიღა სჭირდებოდა სპეცრაზმს სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის ან შეპყრობისთვის.
მოსკოვმა გადაწყვიტა, ბოლომდე არ წასულიყო. სხვა ალტერნატივა იყო? - რა თქმა უნდა, იყო. უნდა გადაგვესხა ტაქტიკური დესანტი, დაგვეკავებინა თბილისის ერთ-ერთი აეროდრომი და ამით ყველაფერი დასრულდებოდა. სამი საათი აშორებდა რუსეთს კავკასიური კვანძის ლიკვიდაციისგან. სამი საათი სჭირდებოდა კავკასიური პრობლემის საბოლოო გადაჭრას.
თბილისში პრორუსული ხელისუფლების შექმნის შემდეგ, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და დაღესტანი, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის საშინაო საქმე იქნებოდა. ისინი ახლაც ჩვენი საშინაო პრობლემაა - მხოლოდ დე-იურე, დე-ფაქტო კი საქმე სხვაგვარადაა. ჩვენ ხელიდან გავუშვით კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ყველა საზიზღრობის გენერატორის ლიკვიდაცია. სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ გახდებოდნენ ისლამური ფუნდამენტალიზმისა და ამერიკული გავლენის სუბიექტები. ამ ქვეყნებს და, მითუმეტეს, ირანს არ სჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია, როგორც ეს გააკეთა “უპასუხისმგებლო” საქართველომ.
რუსულმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ ისევ მისცა ბრძანება: “სტოპ!” ასეთივე ბრძანება ორჯერ თუ სამჯერ გაიცა ჩეჩნეთის ომების დროს, გაიცა კოსოვოს ჩაბარებისას, როცა იქ ჩერნომირდინი გაფრინდა. ახლა, სიტუაცია მეორდება. იმის მაგივრად, რომ მიგვეღო დივიდენდები მაშინ, როცა ქართული არმია გაქცეული იყო, ჩვენ უკან დავიხიეთ.
როგორ უნდა შევაფასოთ სარკოზისთან დადებული ხელშეკრულებები? - ჩვენ გავაჩერეთ სააკაშვილის ნეიტრალიზაციისთვის მზადმყოფი რუსული სპეცდანაყოფებები. ნათელია, ამის გაკეთება აუცილებელი იყო. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ დავკარგეთ მთავარი გამარჯვება. უკანდახევის მეორე ნაბიჯი ისაა, რომ არ მივიღეთ სააკაშვილისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელშეუხებლობის მკაფიო გარანტია.
|