გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის კახა კუკავას აზრით, ე.წ. პატრიოტული აქტის შექმნა ქვეყანაში სამოქალქო დაპირისპირებასა და ომს გამოიწვევს.
«კონსერვატორი» კუკავა ხელისუფლების ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საქართველოს ღალატის აქტი იქნება, მისი ხელმომწერები კი - სამშობლოს მოღალატეები.
«აღნიშნული დოკუმენტის შექმნის შესახებ ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული ინიციატივა მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ავადმყოფური სენით არის შეპყრობილი. ეს ინიციატივა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რა ღრმა კრიზისშია ჩვენი ხელისუფლება», - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კუკავამ.
აღსანიშნავია, რომ სატელეფონო მოსმენების შესაძლო დაკანონების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უმრავლესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა უკვე უარყო. საქართველოსადმი რუსეთის აგრესია იმდენად ღიაა, რომ ამასთან დაკავშირებით აღარავის ფარული მოსმენა საჭირო არ არის. რაც შეეხება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რუსეთის შესაძლო მოკავშირეების გამოვლენას, ეს იმდენად ნათელია ხოლმე, რომ არათუ ხელისუფლება, საზოგადოებაც კი აშკარად ხედავს. მიუხედავად უცხო ქვეყნიდან მომდინარე საფრთხისა, ხელისუფლება აქტიურად უნდა შეეცადოს, ქვეყნის შიგნით დემოკრატიული ფასეულობები არ შეფერხდეს» - განაცხადა გაბაშვილმა.
სატელეფონო საუბრების მოსმენის შესაძლო დაკანონების საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკული ე.წ. «პატრიოტთა აქტის» მსგავსი დოკუმენტის შექმნის საჭიროებაზე ისაუბრა. აღნიშნული დოკუმენტი აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მიიღეს და მისი ერთ-ერთი პუნქტი სატელეფონო მოსმენებს ითვალისწინებს.
|