Главная » 2008»სექტემბერი»22 » კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" ანტიკრიზისულ საბჭოს "ხელისუფლებასთან გარიგების პროდუქტად" მიიჩნევს
კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" ანტიკრიზისულ საბჭოს "ხელისუფლებასთან გარიგების პროდუქტად" მიიჩნევს
12:16
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" ანტიკრიზისულ საბჭოს "ხელისუფლებასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გარიგების პროდუქტად" მიიჩნევს. როგორც "პირველს" კოალიციის ხელმძღვანელმა დავით ლილუაშვილმა განუცხადა, ანტიკრიზისული საბჭო "არა მართლა დემოკრატიული რეფორმების პოლიტიკურ ცხოვრებაში გატარების, არამედ პიარის მიზნით შეიქმნა". "აღნიშნული საბჭო საშინაო პოლიტიკაში კულუარული შეთანხმებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიმართ საპარლამენტო ოპოზიციის თვინიერებასა და სრულ მორჩილებას ითვალისწინებს და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სოციალური სიკეთისა და პრივილეგიის მიღების სანაცვლოდ ხდება. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ხელისუფლება ამ ყველაფერს საერთაშორისო საზოგადოების თვალის ასახვევად და შეცდომაში შესაყვანად აკეთებს", - განაცხადა ლილუაშვილმა. ამასთან, კოალიცია იძლევა პირობას, რომ "უახლოეს მომავალში ამ ყველაფრის მიმართ მხილებისა და წინააღმდეგობის კამპანია დაიწყება". "ჩვენ სააკაშვილის ანტიდემოკრატიულ რეჟიმს კომფორტულად ყოფნის საშუალებას ნამდვილად არ მივცემთ", - დასძინა ლილუაშვილმა. კვირის ბოლოს კოალიცია ამ თემებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს.